"კონგრესის ორპარტიული ხელმძღვანელობა ქართველი ხალხის გვერდით დგას, ვინც ძალადობისა და რეპრესიების ფონზე, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენას ცდილობენ", - ამის შესახებ ჰელსინკის კომისია წერს.
ჰელსინკის კომისიის X-ის ანგარიშზე აღნიშნულ "ტვიტს" კონგრესის წევრთა განცხადებები ახლავს, რომლებშიც თავმჯდომარე და კონგრესმენები მხარდაჭერას უცხადებენ საპროტესტო აქციების მონაწილეებს და "ქართული ოცნებისთვის" სანქციების დაწესებას ითხოვენ. განცხადებებში კონგრესმენები 26 ოქტომბრის არჩევნებსაც ეხებიან და აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურია.
"დამაჯერებელ მტკიცებულებათა მთელი რიგი არსებობს, რომლებიც ადასტურებს, რომ ოქტომბრის არჩევნებში ადგილი ჰქონდა "ქართული ოცნების" მხრიდან პროცესის მანიპულაციას, რათა შეენარჩუნებინათ ძალაუფლება და უარი ეთქვათ ქართველი ხალხის ევროინტეგრაციისადმი ცალსახა მისწრაფებაზე. "ქართული ოცნება" ახლა ახალ მთავრობას აყალიბებს, მიუხედავად ოპოზიციის ბოიკოტისა, საპრეზიდენტო სანქციის გარეშე, რაც ქვეყნის კონსტიტუციასთან არ არის თანხვედრაში. შესაბამისად, დე ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია", - განაცხადა კონგრესის თავმჯდომარე ჯო უილსონმა.
"მკაცრად ვგმობთ ძალადობას, რომელსაც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებენ. ევროინტეგრაციისთვის ქართველი ხალხის მსხვერპლი ჩვენგან სოლიდარობასა და ქმედით ნაბიჯებს მოითხოვს", - ამბობს სენატორი ჯონ კორნინი.
კონგრესმენები აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და როგორც ბაიდენის, ასევე ტრამპის ადმინისტრაციისგან მოითხოვენ, რომ მათ ამ ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადონ.
"ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მოვუწოდებთ როგორც ამჟამინდელ, ასევე მომავალ ადმინისტრაციას, რომ გაიღონ ძალისხმევა და მხარი დაუჭირონ ქართველებს, ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების აღდგენის ბრძოლაში", - აცხადებს კონგრესმენი სტივ კოჰენი.