რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხი ვაშინგტონში კვლავ აქტუალურია. 16 სექტემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 262 ხმით 159-ის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელსაც გარდაცვლილ სენატორს, ლინდსი გრემს ეკუთვნის და რომელიც რუსეთსა და ირანზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. დოკუმენტი ახლა პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება.
აშშ-ის კონგრესის მზარდი ყურადღება რუსეთის და ჩინეთის გავლენის მიმართ საქართველოსთან დაკავშირებითაც არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. სწორედ ამ კონტექსტში გამოირჩევა ორი ინიციატივა: H.R.7668, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობის შესახებ ანგარიშის მომზადებას ითხოვს, და მანამდე კონგრესში განხილული MEGOBARI აქტი. რა განსხვავებაა ამ ორ ინიციატივას შორის, რას ითვალისწინებდნენ ისინი და რა ეტაპამდე მივიდა მათი განხილვა?
MEGOBARI აქტი — შეჩერებული კანონპროექტი
MEGOBARI აქტი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრებმა 2024 წლის 23 მაისს წარადგინეს. ინიციატივის ავტორები მის აუცილებლობას საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან აკავშირებდნენ. კანონპროექტის წარდგენას წინ უძღოდა საქართველოში ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონის მიღების პროცესი, რომლის წინააღმდეგაც აშშ-ში მწვავე კრიტიკა ისმოდა. კანონპროექტის მიზანი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას და რუსეთისა და სხვა ავტორიტარული რეჟიმების გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებდნენ.
ვინაიდან კანონპროექტი 118-ე კონგრესის ვადის ამოწურვამდე ვერ დამტკიცდა 2025 წლის 3 იანვარს, ახალი, 119-ე კონგრესის დაწყების შემდეგ, რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა კანონპროექტი ხელახლა წარადგინეს.შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საკანონმდებლო სისტემაში კანონპროექტი ძალას კარგავს კონგრესის ვადის დასრულებისას, თუ ამ დროისთვის ის კანონად არ არის ქცეული.
რას ითვალისწინებს MEGOBARI აქტი?
კანონპროექტის თანახმად, „საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაიხია უკან დემოკრატიის გზაზე, მზარდია ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობის მტრული დამოკიდებულება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავარი ევროატლანტიკური პარტნიორების მისამართით." პარალელურად სულ უფრო ღრმავდება კავშირები რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთსა და სხვა ანტიდასავლურ ავტორიტარულ რეჟიმებთან.
კანონპროექტის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, მისი ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, სახელმწიფო მდივანმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და თავდაცვის მდივანთან თანამშრომლობით, კონგრესის ორივე პალატის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს საიდუმლო ანგარიში — რუსეთისა და ჩინეთის ზეგავლენების შესახებ საქართველოში.
პროექტი ითვალისწინებს სანქციებსაც კონკრეტული პირების მიმართ — თუმცა სანქციის სახე დამოკიდებულია იმაზე, რა ქმედებაშია პირი ჩართული. თუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი (2014 წლის შემდეგ პარლამენტის წევრი, პარტიის ლიდერი ან სხვა თანამდებობის პირი) კორუფციაში ან ევროატლანტიკური ინტეგრაციის ბლოკირებაში აღმოჩნდება ჩართული, აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია, მას სავიზო შეზღუდვა დაუწესოს. ხოლო თუ პირი პირდაპირ საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა თუ ტერიტორიულ მთლიანობას აზიანებს, პრეზიდენტს, სავიზო შეზღუდვის პარალელურად, უფლება აქვს დაუბლოკოს ამ პირს ქონებაც. ორივე შემთხვევაში სანქციები ვრცელდება ასეთი პირის ოჯახის წევრზეც, თუ ის სარგებელს იღებდა მისი ქმედებებიდან.
კანონპროექტი მხოლოდ სასჯელზე არ არის ორიენტირებული. თუ პრეზიდენტი კონგრესს ოფიციალურად დაუდასტურებს, რომ საქართველომ „მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი" აჩვენა დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, კანონი რეკომენდაციას უწევს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას — მათ შორის ხალხთაშორისი და აკადემიური კონტაქტების გაფართოებას და თავდაცვით თანამშრომლობას, უსაფრთხოებისა და თავდაცვითი აღჭურვილობის მიწოდების ჩათვლით.
კანონპროექტის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, კანონი ავტომატურად კარგავს ძალას ამოქმედებიდან ზუსტად 5 წლის შემდეგ, თუ კონგრესი მას ხელახლა არ განაახლებს.
რა ეტაპზე MEGOBARI აქტი?
წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 2025 წლის 5 მაისს 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მას მხარი ორივე პარტიის წევრებმა დაუჭირეს. თუმცა კანონის მისაღებად საჭიროა, კანონპროექტი ორივე პალატამ ერთი და იმავე ტექსტით მიიღოს და შემდეგ პრეზიდენტმა ხელი მოაწეროს.
კანონპროექტი ასევე დამტკიცებულია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ და სენატის კენჭისყრას ელოდება.
ამერიკული გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, 2025 წლის დეკემბერში სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ თუნმა უარი უთხრა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონს MEGOBARI აქტის ჩართვაზე ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) — თავდაცვის ბიუჯეტის ყოველწლიურ კანონში, რომლის მიღებაც აუცილებელია.
მანამდე თუნმა MEGOBARI აქტის NDAA-ში შეტანა რესპუბლიკელი სენატორის მარკუეინ მალინის თხოვნით დაბლოკა. მალინმა The Hill-თან ღიად ისაუბრა თანამშრომლობის სურვილზე საქართველოს ხელისუფლებასთან, სანქციების ნაცვლად — სწორედ ამ მიზეზით ბლოკავდა ის კანონპროექტს.
მართალია, მალინმა შემდგომში სენატი დატოვა, თუმცა ამჯერად MEGOBARI აქტის მიღებას სენატის უმრავლესობის ლიდერი აფერხებს. ფაქტია, რომ კანონპროექტს სენატში კენჭისყრისთვის საჭირო წინსვლა არ აქვს. 119-ე კონგრესის დასრულებისთანავე კანონპროექტი გაუქმდება— ისევე, როგორც ეს მოხდა მისი წინამორბედის, 2024 წლის ვერსიის შემთხვევაში.
კონგრესის ქვედა პალატამ საქართველოში ჩინეთისა და რუსეთის გავლენის შემსწავლელი კანონპროექტი მიიღო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 8 ივნისს კანონპროექტი H.R. 7668 მიიღო, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივობის შესახებ ანგარიშის მომზადებასა და ორმხრივი ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალდებულებს. ამის შემდეგ, კანონპროექტი სენატს გადაეგზავნა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გადაეცა.
დოკუმენტი სახელწოდებით „კავკასიაზე ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი" (Countering China’s Control of the Caucasus Act), 2026 წლის 24 თებერვალს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა დემოკრატ კონგრესმენ სტივ კოენთან ერთად წარადგინა.
საიდუმლო ანგარიში სადაზვერვო აქტივობაზე
თუ კანონპროექტი კანონად იქცევა, მისი ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 180 დღისა, სახელმწიფო მდივანმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და თავდაცვის მდივანთან კოორდინაციით, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს უნდა წარუდგინოს საჭიროებისამებრ საიდუმლო ანგარიში. დოკუმენტი მომზადებული უნდა იყოს წყაროებისა და მეთოდების დაცვის პრინციპების გათვალისწინებით და უნდა შეისწავლოს:
- რუსული და ჩინური სადაზვერვო ელემენტებისა და მათი აქტივების შეღწევა საქართველოში;
- რუსული და ჩინური გავლენისა და თანამშრომლობის შესაძლო გადაკვეთის წერტილები საქართველოში.
ანგარიშის ადრესატთა შორისაა სენატისა და წარმომადგენელთა პალატის შემდეგი კომიტეტები: საგარეო ურთიერთობების, სადაზვერვო, თავდაცვისა და საბიუჯეტო კომიტეტები — სულ რვა კომიტეტი, ორივე პალატიდან ოთხ-ოთხი.
ხუთწლიანი სტრატეგია ორმხრივი ურთიერთობებისთვის
იმავე 180-დღიან ვადაში სახელმწიფო მდივანმა კონგრესს უნდა წარუდგინოს დეტალური სტრატეგია საქართველოსთან ორმხრივი კავშირების გასაძლიერებლად, რომელიც ქვეყანაში არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებას გაითვალისწინებს. დოკუმენტში განსაზღვრული უნდა იყოს ის ინსტრუმენტები, რესურსები და დაფინანსება, რაც დასახული მიზნების მისაღწევადაა საჭირო. ასევე, უნდა დარჩეს თუ არა საქართველო ევროპისა და ევრაზიის რეგიონში აშშ-ის დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ მიმღებად.
სტრატეგია ასევე ცალ-ცალკე უნდა აფასებდეს ორ საკითხს: რამდენად მართებულია აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან პარტნიორობის გაგრძელება.
მეორე, რჩება თუ არა საქართველოს მთავრობა ერთგული აშშ-სა და ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების მიმართ და უნდა გააგრძელოს თუ არა აშშ-ის მთავრობამ ინვესტირება საქართველოში მიმდინარე პროექტებში.
როგორ აფასებენ კონგრესმენები კანონპროექტს?
კონგრესმენების შეფასებით, კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებასა და რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ზრდას უკავშირდება. ამასთან, მათი თქმით, კანონპროექტი ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას ემსახურება.
კონგრესმენებმა კანონპროექტის განხილვისას შემდეგი განცხადებები გააკეთეს:
ჯო უილსონი, რესპუბლიკელი კონგრესმენი და კანონპროექტის ავტორი:
„ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმი ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიას, ასევე — ომის დამნაშავე პუტინსა და ირანს გადასცემს, რაც ეწინააღმდეგება როგორც ქართველი ხალხის ნებას, ისე შეერთებული შტატების ინტერესებს“.
ბრაიან მასტი, რესპუბლიკელი კონგრესმენი:
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის მდგომარეობასა და აშშ-ის მოწინააღმდეგეების მავნე გავლენის გავრცელებასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები გაჩნდა“.
მასტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და საქართველოში რუსეთის ხანგრძლივ გავლენასთან დაკავშირებით შეშფოთება რჩება. მან ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენას საქართველოში და განაცხადა, რომ ბოლო წლებში ჩინური კონსორციუმი ამერიკულ კომპანიაზე წინ შეირჩა „მასიური საზღვაო პორტის პროექტის“ განსახორციელებლად. მისი თქმით, ასეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით პარტნიორებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან მომდინარე რისკები უნდა გაითვალისწინონ.
ამი ბერა, დემოკრატი კონგრესმენი:
„ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მოქმედმა მთავრობამ, ისევე როგორც რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მომდინარე მავნე უცხოურმა გავლენამ, საფრთხე შეუქმნა საქართველოს დემოკრატიულ მონაპოვარს, რომლისთვისაც ქვეყანა დიდხანს იბრძოდა; დააზიანა ზოგიერთი სახელმწიფო ინსტიტუტი და განხეთქილება გამოიწვია როგორც აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებში, ისე საქართველოს მთავრობასა და ხალხს შორის“.
ბერამ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი „არ ისახავს მიზნად საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციას“, არამედ ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები კვლავ ერთგულია მათი „ევროატლანტიკური მისწრაფებების“ მიმართ.
MEGOBARI აქტის ძირითადი ინსტრუმენტები კონკრეტული პირების მიმართ სავიზო და ქონებრივი სანქციების დაწესებას, ასევე საქართველოში დემოკრატიული და ევროატლანტიკური პროგრესის შემთხვევაში თანამშრომლობის გაღრმავებას უკავშირდება. H.R. 7668 კი უშუალოდ სანქციების დაწესებას არ ითვალისწინებს — მისი მთავარი მოთხოვნებია რუსეთისა და ჩინეთის გავლენისა და სადაზვერვო საქმიანობის შეფასება და საქართველოსთან აშშ-ის ურთიერთობის ხუთწლიანი სტრატეგიის მომზადება.
ორივე კანონპროექტმა წარმომადგენელთა პალატა გაიარა, თუმცა არც ერთი მათგანი ამ ეტაპზე კანონად არ ქცეულა. MEGOBARI აქტის შემთხვევაში მთავარი ბარიერი სენატში მისი შემდგომი წინსვლაა, ხოლო H.R. 7668 2026 წლის 9 ივნისს სენატს გადაეცა და ამ ეტაპზე მისი შემდგომი საკანონმდებლო ნაბიჯი არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის ორივე კანონპროექტის საბოლოო დამტკიცების საკითხი სენატში განხილვას ელოდება.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ კანონპროექტს - „კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, H.R. 7668 „რეალურად, არაფრის მთქმელია“ და ჯო უილსონი ამ გზით საქართველოსა და მისი ხელისუფლებისთვის „კონკრეტული ზიანის“ მიყენებას ცდილობს.
სამხარაძის თქმით, საქართველოსა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შორის ურთიერთობები „გადაიტვირთა“ და პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა. მისივე შეფასებით, კანონპროექტით გათვალისწინებული საქართველოსთან ურთიერთობების ხუთწლიანი სტრატეგიის მომზადების მოთხოვნა არსებითად ახალი მექანიზმი არ არის, რადგან საქართველო და აშშ ისედაც მუშაობენ პარტნიორობის ახალ გეგმაზე.
სამხარაძემ H.R. 7668-ის ინიციატივა ასევე ჯო უილსონის მხრიდან „სახის შენარჩუნების“ მცდელობად შეაფასა მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, „MEGOBARI აქტი დამარცხდა“.
საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის გაღრმავება
H.R. 7668-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღების პარალელურად, 9 ივნისს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ დონეზე გადავიდა. შეგახსენებთ, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის „სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმება 2023 წლის ზაფხულში გაფორმდა.
მიმდინარე წლის 9 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: “ამ სამმა წელმა ორმხრივი ურთიერთობებისთვის ძალიან ბევრი რამ მოიტანა საგრძნობლად გაღრმავდა ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც კონკრეტულ, ორმხრივ ქმედებებშიც გამოიხატა. იცით, რომ დაწესდა უვიზო მიმოსვლა და გვაქვს პირდაპირი ფრენები. წელს უკვე ახალი ფრენებიც ემატება, რაც საქართველოსა და ჩინეთს შორის მეტ მობილობას უზრუნველყოფს. ასევე, ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური კუთხითაც. ყოველივე ეს სამი წლის წინ გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ მოიტანა.
ახლა კი ჩვენი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადავდივართ ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი, რაც ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით”.
კობახიძემ ასევე ისაუბრა რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონზე და მის საკანონმდებლო ინიციატივაზე. მისი შეფასებით, უილსონის განცხადებები ჩინეთის შესაძლო ნეგატიურ გავლენაზე სამხრეთ კავკასიაში „სრულიად არასერიოზულია“, იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორია. 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 496 677 200 დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 43%-იან ზრდას წარმოადგენს.
ჩინეთის მონაწილეობა საქართველოს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში განსაკუთრებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონტექსტში განიხილებოდა. 2024 წელს პორტის კერძო პარტნიორად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, China Communications Construction Company-ის (CCCC) შეირჩა. თავდაპირველი მოდელით, კონსორციუმს პროექტში 49%-იანი წილი უნდა მიეღო, თუმცა საბოლოო საინვესტიციო შეთანხმება მხარეებს შორის არ გაფორმებულა. მოგვიანებით, 2026 წლის ივლისში, საქართველოს მთავრობამ პროექტის განვითარების მოდელი შეცვალა და განაცხადა, რომ პორტს სახელმწიფო „ლენდლორდის“ მოდელით ააშენებს.
ორივე კანონპროექტი — MEGOBARI აქტი და H.R. 7668 — ერთი და იმავე ტენდენციის ნაწილია: აშშ-ის კონგრესის რეაგირება საქართველოში დემოკრატიული პროცესებისა და რუსეთ-ჩინეთის გავლენის ზრდის შესახებ. თუმცა, საქართველოს მთავრობა ამ კრიტიკას საპირისპირო ნარატივით პასუხობს — ჩინეთთან ურთიერთობის "ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე" აყვანით და მზარდი სავაჭრო-ეკონომიკური მაჩვენებლების ხაზგასმით. ამგვარად, სანამ აშშ-ის კანონმდებლები საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტებს ამზადებენ, თბილისი პარალელურად აღრმავებს კავშირებს პეკინთან.
























