საქართველომ მაისში ამ პერიოდამდე (23 მაისი) სომხური კონიაკით დატვირთული 27 სატრანსპორტო საშუალება გაატარა, - ინფორმაცია bm.ge-ს შემოსავლების სამსახურმა მოაწოდა.
BMG საკითხით სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო დაინტერესდა. საქმე ის არის, რომ 21 მაისს ერევანში საქართველოს საელჩოსთან კონიაკის ადგილობრივმა მწარმოებლებმა რიგით მეორე საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საქართველოში საბაჟო გამშვებ პუნქტზე ხანგრძლივი კონტროლის პროცედურებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ დროში გაწელილი პროცესი მათ ფინანსურ ზარალს აყენებს. სომხეთის დამსაქმებელთა რესპუბლიკური კავშირის თავმჯდომარე გაგიკ მაკარიანი აცხადებს, რომ საქართველოს საბაჟოზე სომხური კონიაკით დატვირთული მანქანების დიდი ხნით გაჩერების საკითხზე, სომხეთის ხელისუფლებამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას და ევრაზიულ კავშირს უნდა მიმართონ, რადგან ქართული მხარიდან პრობლემის გადაჭრის ნაბიჯებს ვერ ხედავს.
საკითხთან დაკავშირებით BM.GE-იმ ფინანსთა სამინისტროს მიმართა კითხვით - კონტროლის მიზნით სომხური კონიაკით დატვირთული რამდენი მანქანაა საბაჟოზე გაჩერებული და რა ვადა სჭირდება 1 სატვირთოს საბაჟო პროცედურებისთვის. თუმცა შემოსავლების სამსახურიდან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. უწყებამ გვაცნობა, რომ საქართველოს მასშტაბით არსებულ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ყველა პროცედურა სტანდარტების დაცვით ხორციელდება.
„გაცნობებთ, რომ საქართველოს მასშტაბით არსებულ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო კონტროლის ყველა პროცედურა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების/სტანდარტების დაცვით.
შესაბამისად, სახელმწიფო საზღვრის მკვეთი სატრანსპორტო საშუალების/საქონლის მიმართ, საბაჟო ფორმალობების დასრულების შემდეგ ისინი თავისუფალ მიმოქცევაში/დანიშნულების ქვეყნებში გაეშვებიან.
ზემოაღნიშნული საბაჟო ფორმალობები, მიმდინარე წლის მაისიდან დღემდე უკვე გაიარა კონკრეტული საქონლით დატვირთულმა 27-მა სატრანსპორტო საშუალებამ“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ წერილში.
რატომ გახდა ბოლო პერიოდში პრობლემური უშუალოდ კონიაკით დატვირთული სატვირთოების გატარება უცნობია.




























