მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კონკრეტული პირების დასასჯელად კანონები არ უნდა იცვლებოდეს" - ექსპერტი "ბაჩიაშვილით ინსპირირებულ" კანონპროექტზე

დავით კლდიაშვილი

როგორ შეიცვლება საზოგადოების ქცევა მას შემდეგ, რაც "ოცნების" პარლამენტი "ბაჩიაშვილით ინპირირებულ" კანონპროექტს მესამე მოსმენით მიიღებს? - ამ საკითხზე BMGTV-ის "ანალიტიკას" ეთერში სამართლის ეკონომიკური ანალიზის ექსპერტმა, დავით კლდიაშვილმა ისაუბრა.

ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტი დაარეგისტრირეს, რომელიც ფინანსურ დანაშაულებთან დაკავშირებით აღსრულების მექანიზმებს ამკაცრებს - კანონპროექტით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე დავით კლდიაშვილმა ისაუბრა.

"როდესაც დადგინდება, რომ ერთმა კონკრეტულმა პირმა მეორეს მიაყენა ზიანი, გარდა იმისა, რომ მას შეეფარდება საპატიმრო სასჯელი, თუკი სრულად არ აანაზღაურებს მიერ მიყენებულ ზიანს, რომელიც დათვალა სასამართლომ, შემდეგ, თითქმის ხდება "გაძევებული" საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. მას აღარ აქვს უფლება, რომ, მაგალითად, მიიღოს საარსებო მინიმუმზე, 520 ლარზე მეტის შემოსავალი; ნებისმიერი შემოსავალი აუცილებლად საბანკო გადარიცხვის გზით უნდა მიიღოს; ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მას ფინანსურ დახმარებას გაუწევს, როგორც ფულადი, ისევე საცხოვრებელი სახით, და ეს შეიძლება იყოს ბავშვობის მეგობარი, ან ახლო, ან შორეული ნათესავი, რა მნიშვნელობა აქვს, ის მეგობარი, ან ის ადამიანი, რომელმაც შენ ხელი გამოგიწოდა, ასევე ხდება დანაშაულის თანამონაწილე. და შენ არ გაქვს შესაძლებლობა, რომ 16 წლის განმავლობაში ქვეყანა დატოვო. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, სანამ ვალს არ გადაიხდი, მანამდე თითქმის ვერ ცხოვრობ. ვერ ცხოვრობ როგორც ფიზიკურად, ასევე ურთიერთობების კუთხით... ახლა უკვე კანონის დონეზე დგინდება, რომ თუ მეგობარს, ნათესავს, დას, ძმას ხელი გაუმართე, ეს უკვე დანაშაულია", - აღნიშნავს დავით კლდიაშვილი.

ეკონომიკური ქცევის ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცება და ამოქმედება ქვეყანაში ბიზნესის კეთებისთვის არასახარბიელო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს, რადგან ადამიანები კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლისგან თავს შეიკავებენ.

"რა ქცევას გამოიწვევს ეს კონკრეტულ ადამიანებში? პირველ რიგში სიფრთხილეს, რომ შეხვიდე კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში. იმიტომ, რომ შეიძლება ვალდებულება ვერ შეასრულო (და ნებისმიერ კერძო სამართლებრივ ურთიერთობას ახლავს რისკი, რომ შენ ვალდებულება ვერ შეასრულო და ვინმეს ვალი დაგრჩეს). უკვე იზრდება რისკი რომ სასამართლო სისტემამ, რომლის მიმართ ნდობა დიდად ისედაც არ გაქვს, ვაი და ეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულად არ ჩათვალოს.

ანუ შეიძლება, ამის გამო ციხეში წავიდე, მაგრამ მხოლოდ ციხე არა, რეალურად ციხის შემდგომი ცხოვრება უფრო რთული ხდება. გამოდიხარ და 520 ლარზე უნდა იცხოვრო. მეორე ამბავია, რომ რისკის ქვეშ აყენებ შენს გარშემო ყველა ადამიანს,უახლოეს ნათესავიდან დაწყებული, უახლოესი მეგობრით დამთავრებული. ვიტყვი იმასაც, რომ ეს, სავარაუდოდ, ბევრ ადამიანში გამოიწვევს სურვილს, რომ საერთოდ აღარ ჰქონდეს საკუთარი ეკონომიკური აქტივობა დაკავშირებული საქართველოსთან", - განმარტავს კლდიაშვილი.

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ ცვლილებების „ინსპირატორი“ არის გიორგი ბაჩიაშვილია - ბიზნესმენი, რომელიც მსჯავრდადებულია ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის საქმესთან დაკავშირებით. კლდიაშვილი მიიჩნევს, რომ ერთი ადამიანის დასასჯელად კანონები არ უნდა იცვლებოდეს, მსგავსი კანონმდებლობის მაგალითებს კი არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ ვხვდებით.

"კონკრეტულ პირების დასასჯელად კანონები არ უნდა იცვლებოდეს. ამას ნებისმიერი ადამიანი მოხვდება. როდესაც ამას მამუკა მდინარაძე ამბობს, გამოდის, ადასტურებს, რომ კონკრეტულ კანონს, რომელიც მთლიანად პროცესზე მოახდენს უარყოფით გავლენას, იღებენ ერთი პირის გამო.

გამოდის, რომ, თუ ვიღაცას სურს ერთი პირის დასჯა, ამით მხოლოდ ის ერთი პირი კი არ ისჯება, არამედ - მთელი საზოგადოება. შეიძლება ხვალ და ზეგ ეს ვერ ვიგრძნოთ. მაგრამ ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს იქნება მნიშვნელოვანი პრობლემა. სხვათა შორის, ვეძიე და ვერც ვიპოვე, რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის კანონმდებლობა რომ ყოფილიყო", - განაცხადა დავით კლდიაშვილმა.

ცნობისთვის, "ბაჩიაშვილით ინსპირირებული" საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი შემადგენელი ინიციატივა ითვალისწინებს პირის ახლო ნათესავების ქონების დაყადაღებას და აღსრულებაში მიმართვას გამარტივებული პროცედურებით. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს დაზარალებულსა და დანაშაულის ჩამდენ პირს შორის მორიგების შესაძლებლობასაც რაც მიყენებული ზიანის სხვა მოცულობით კომპენსირებას გულისხმობს.

კანონი გავრცელდება გიორგი ბაჩიაშვილზეც. 2025 წლის 10 მარტს, სასამართლომ ბიტკოინების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულ დავაში დაზარალებულის სტატუსი ბიძინა ივანიშვილს აქვს. კიდევ ერთი სასამართლო პროცესით, 2025 წლის 1 მაისს, სასამართლომ ზიანის ანაზღაურების შესახებ მიიღო განაჩენი და გიორგი ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის 9000 ბიტკოინის გადახდა დააკისრა. ამ კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულება ამჟამად 963 მილიონ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები