მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„კონკრეტული შედეგისთვის 4 წელი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ“ - ლევან ვეფხვაძე პლასტიკის ბოთლების აკრძალვის გადავადებაზე

ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ კონკრეტული შედეგისთვის ოთხი წელი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რათა ბიზნესმა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების შესრულებით პლასტიკის ბოთლებით სასმლის იმპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის აკრძალვის ალტერნატიული გზა წარმოადგინოს. ამის შესახებ მან BMG-ს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, რომელიც აკრძალვის 4 წლით გადავადებას ეხება.

ლევან ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების მოდელის დასანერგად, რაც ყველა სახის შესაფუთი მასალების მართვას მოიცავს, 4 წელი სრულიად საკმარისია. ლევან ვეფხვაძე დარწმუნებულია იმაში, თუ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებები ამოქმედდება, ამ შემთხვევაში მთავრობა პლასტიკის ბოთლებით სასმლის რეალიზაციის აკრძალვის გადაწყვეტილებას შეცვლის.

„სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაცია იმ მიზნით შედგა, რომ გადავადებაზე თუ იქნებოდა საუბარი, გარკვეული გონივრულ ვადამდე მივსულიყავით. ოთხი წელი შეიძლება კომპანიების ნაწილისთვის საკმარისი იყოს, თუმცა ერთი რამე უნდა გვესმოდეს, რომ პეტი, ანუ პლასტიკის ბოთლი, მთელი პლასტიკის შეფუთვის არაუმეტეს 10-15%-ისაა. შესაბამისად, პირადად მე უფრო საერთო მიდგომის მომხრე ვარ. იმისათვის, რომ არსებობდეს, თუ ვსაუბრობთ მიკროპლასტიკზე, ვსაუბრობთ იმ ტიპის დანაგვიანებაზე, რომელიც საბოლოო ჯამში მერე ზღვებში, ოკეანეებში ხვდება და მერე იქიდან ხვდება უკვე ადამიანის ორგანიზმში, ამ ნაწილში აუცილებელია უფრო კომპლექსური მიდგომა.

ოთხი წელი სრულიად საკმარისია, რომ ამ კომპლექსურ მიდგომაზე [მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულების მოდელზე] არა მარტო შევთანხმდეთ, არამედ დავნერგოთ, რადგან ეს ის პერიოდია, რომელიც მაგალითად, გაეროს კვლევაში იყო მითითებული - სამიდან ხუთ წლამდე... MGV ორგანიზაციები, დეპონირების სისტემები და .. მგონია, ამაზე ჩვენ მუშაობა მოგვიწევს, გავაგრძელებთ და მზად ვართ ძალიან კონსტრუქციულად, საქმიან გარემოში, როგორც აქამდე ვიყავით, კომპანიებთან ერთად საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. ამას ერთიანი მიდგომა და გადაწყვეტა სჭირდება.

თუ ეს მოდელი კარგად ამუშავდა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სახელმწიფო, მთავრობა ამ გადაწყვეტილებას, ალბათ, შეცვლის. ამიტომ ჩვენი ინტერესი ხდება ყველასი - აქტიურად ჩავერთოთ და იმ ფორმით ამუშავდეს, რომ ამას შედეგი ძალიან მოკლე პერიოდში ჰქონდეს. ეს იმდენად რთული რეფორმაა, რომ ოთხი წელი ამისთვისაც ცოტაა. ამიტომ, ეს ოთხი წელი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ კონკრეტული შედეგი დადგეს და ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ამ მარტივ აკრძალვას ეს ალტერნატივად როგორც თანამშრომლობა წარმოვუდგინოთ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებები, რაც შესაფუთი მასალების ტექნიკური რეგლამენტებს და ნარჩენების მართვას მოიცავს, ორ-სამ წელიწადში უნდა ამოქმედდეს: „ამგვარად, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ეს ყველაფერი კარგად მუშაობს, მერე უკვე ვნახოთ და ვილაპარაკოთ, რამდენად ღირს აკრძალვა-არაკრძალვა“.

BMG-ის კითხვაზე არის თუ არა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების იმ რეგლამენტის მიღების მზაობა, რომელიც შესაფუთ ნარჩენს არეგულირებს, ლევან ვეფხვაძე პასუხობს: „ამ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესსაც თავისი საფეხურები სჭირდება, აქაც გარკვეული ვადები იქნება საჭირო, ბიზნესს აქაც დასჭირდება გადაწყობა, შესაბამისი სისტემის შექმნა. მარტივი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ორი წელია კლასიკურ, ასე ვთქვათ, MGV ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ და ძალიან დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. ეს არ არის ერთი ინსტიტუტი, ერთი სამინისტრო, რომელთანაც უნდა იმუშაო. ეს სამი-ოთხი სამინისტროა, მათ შორის ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური, მათ შორის ეკონომიკის სამინისტრო და .. იმისთვის, რომ საერთო გადაწყვეტილება მივიღოთ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები