მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონკურენციის სააგენტომ „გალფთან“ დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

62df8cdf597bc
გიორგი თოლორდავა
26.07.22 10:46
5409
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ (გალფი) მიერ განხორციელებულ კონცენტრაციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

სააგენტოს განმარტებით, "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" მიერ კონცენტრაციის განხორციელება 23 ეკონომიკური აგენტის საკუთრებაში არსებული 32 ავტოგასამართი სადგურის იჯარით აღების გზით იგეგმება.

მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სააგენტო განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს სწავლობს.

სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია. სააგენტოში შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება შემძენ ან/და კონტროლის უფლების მომპოვებელ პირს.

წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე. სააგენტოს გვერდის ავლით, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ აღემატება წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 5%-ს. კონცენტრაციის საფასური კი 5000 ლარია. ჯარიმის დაკისრება, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების მქონე პირს შეტყობინების წარმოდგენისგან არ ათავისუფლებს.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები