კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ონლაინ და ფიზიკურ ვაჭრობაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულების ფარგლებში 2022 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2023 წლის 14 ივნისამდე პერიოდში ჯამში 300-მდე განაცხადი მიიღო, საიდანაც 80% ონლაინ ვაჭრობას ეხება.
როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, მათი უმრავლესობა საყოფაცხოვრებო ტექნიკით და სამოსით ვაჭრობას ეხება.
“სააგენტოს ამ 300-დან 150-მდე საქმის განხილვა აქვს დაწყებული. საკითხების უმრავლესობა, დაახლოებით 90% პირობითი ვალდებულების აღებით სრულდება. რაც გულისხმობს იმას, რომ მოვაჭრე შესაძლო დარღვევის რისკებს მომხმარებელთან მიმართებაში იაზრებს, ამიტომ ის გონივრულ დროს იღებს იმისათვის, რომ მომხმარებელს ის მოთხოვნა დაუკმაყოფილო, რომელიც მას გააჩნია და მოვაჭრემ სავაჭრო პოლიტიკა გამართოს.
ჩვენ ძალიან პოზიტიური სტატისტიკა გვაქვს, რამდენიმე დარღვევა დაგვიდასტურდა და ამ მოვაჭრეებს გონივრული ვადა აქვთ მიცემული, თუმცა ჯერ ჯარიმის დაკისრებამდე საქმე არ მისულა. თუ ასეთ შედეგამდე მივალთ, ბუნებრივია ჩვენს მომხმარებლებს ამასაც ვაცნობებთ”, - აღნიშნა ლექვინაძემ.
ცნობისთვის, 1-ლი ნოემბრიდან კონკურენციის სააგენტომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება დაიწყო. უწყებას განცხადებით შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა. სააგენტო საკითხს შეისწავლის სავარაუდო დარღვევის ისეთ ფაქტებზე, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დარღვევა. კანონის მოქმედების ფარგლებში ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში მაღაზია ვალდებული იქნება გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ დაიბრუნოს. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესს დაუდგინდება დარღვევა, პირველ ეტაპზე მას გააფრთხილებენ, გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში სოლიდური საჯარიმო სანქცია, ბრუნვის 2% შემოდის. მომხმარებლის უფლებაა, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს საქონლის შეკეთება ან შეცვლა, იმ შემთხვევაში თუ ეს არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს არ მოითხოვს.