მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეცვალა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონმა ბიზნესებისთვის?

644e53d2a6024
მარიამ იზორია
30.04.23 15:37
767
2022 წლის 1 ნოემბრიდან კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებელთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით განაცხადების მიღება და განხილვა დაიწყო. მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი განსაკუთრებით ელექტრონულ კომერციას არეგულირებს. კანონმა ბაზარზე არაკეთილსინდისიერი მოთამაშები ჩახსნა.

კანონის შედეგებზე BM.GE-სთან საუბრობენ კომპანიებიც. მათი შეფასებით, აღნიშნულმა რეგულაციამ მომხმარებელს ელექტრონული ვაჭრობის მიმართ ნდობა გაუჩინა. მომხმარებლისთვის ნივთის ონლაინ შეძენა საფრთხესთან აღარ ასოცირდება.

როგორც „wish list”-ის დამფუძნებელი სალომე ქუთათელაძე bm.ge-სთან ამბობს, კანონის შემოსვლის შემდეგ მომხმარებელი ბიზნესთან უფრო აქტიურ კომუნიკაციაშია.

„მომხმარებელი ონლაინ ვაჭრობასთან მიმართებით უფრო მეტ კითხვას სვამს. ყველაზე მეტად აინტერესებთ შეძენიდან ორ კვირაში ნივთის დაბრუნების შესაძლებლობა მართლა აქვთ თუ არა“ - აღნიშნავს „wish list“-ის დამფუძნებელი.

საკანონმდებლო სივრცის არსებობის მნიშვნელობაზე საუბრობენ კომპანია „უნიკოშიც“. როგორც „უნიკოს“ დირექტორი ამბობს, კანონმა ჩეკის ზრდაც გამოიწვია. პირობითად კანონის არსებობამდე თუ ადამიანები ონლაინ მხოლოდ მცირე შესყიდვებს ახორციელებდნენ, ახლა არც დიდი თანხების გადახდას ერიდებიან.

„კანონის შემოღება მნიშვნელოვანი იყო. ეს, რა თქმა უნდა, მტკინვეული პროცესი იყო, რადგან ახალი კანონის შემოღება იწვევს შიშებს და ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს, რაც ასუსტებს აქტივობას და ა.შ, მაგრამ აღნიშნული პროცესი გასავლელი იყო, რადგან კანონმა ერთი მხრივ მომხმარებლის უფლებების გარანტია გაზარდა, მეორე მხრივ არაკეთილსინდისიერი ბიზნესმოთამაშეები აღნიშნულ პროცესს გამოთიშა“ - ამბობს უჩა შავაძე.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი ნივთის უპირობო დაბრუნების ვალდებულებასაც ითვალისწინებს. რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელს უფლება აქვს კომპანიას ონლაინ შეძენილი ნივთი 14 დღის განმავლობაში უპირობოდ დაუბრუნოს. ონლაინ ვაჭრობით დაკავებული ბიზნესი უკმაყოფილებას უპირობო დაბრუნების ნაწილზე ხშირად გამოთქვამდა. ისინი შიშობდნენ, რომ უპირობო დაბრუნების პრაქტიკა არაკეთილსინდისიერ მომხმარებელს წაახალისებდა.

კომპანია „საჭირომანიას“ დამფუძნებელი თვლის, რომ ნივთის დაბრუნებასთან დაკავშირებული ყველა შემთხვევის ერთ ჩარჩოში მოქცევა არასწორია, თუნდაც ეს ჩარჩო კანონმდებლობითი იყოს.

„არსებობს, მაგალითად, ჰიგიენის ნივთები, რომელთა დაბრუნებაც შეუძლებელია. ამასთან, არის ისეთი პროდუქცია, რომლის დაბრუნებაც არამარტო ორი კვირის შემდგომ, არამედ ერთი თვის შემდეგაც შესაძლებელი იყოს. არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი იღებს ნივთს, გადის ერთი თვე, მას კი ეს პროდუქცია გამოყენებული არ აქვს და დაბრუნება სურს - რატომაც არა, ამიტომ, ყველა შემთხვევის კონკრეტულ ჩარჩოებში მოქცევა არასწორად მიმაჩნია, თუნდაც ეს ჩარჩო კანონმდებლობითი იყოს“ - განმარტავს ვიტალი კვერღელიძე.

ინფორმაციისთვის: 2022 წლის 1 ნოემბრიდან კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში დაახლოებით 200-მდე განაცხადი შევიდა. 5 თვის შედეგების მიხედვით, სააგენტომ 200 განაცხადიდან დარღვევა 5 შემთხვევაში დაადასტურა. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები