მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვაჭრისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესი დამტკიცდა - როგორია ბიზნესის პოზიცია?

ვაჭრობა მომხმარებელი

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შემთხვევაში, მოვაჭრისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესი დაამტკიცა. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს პოზიციით, ჯარიმის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მოვაჭრის ეკონომიკურ, ფინანსურ შესაძლებლობებს და დაკისრებული ჯარიმის ოდენობამ მოვაჭრის კომერციულ საქმიანობას საფრთხე არ უნდა შეუქმნას.

ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება: დარღვევის მასშტაბი, ხასიათი, სიმძიმე, ხანგრძლივობა და სხვა გარემოებები. კანონით ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, ის არც 600 ლარზე ნაკლები უნდა იყოს. მოვაჭრე ვალდებულია ჯარიმა მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში გადაიხადოს. 12  თვის  განმავლობაში  დარღვევის განმეორების  შემთხვევაში, მოვაჭრეს ორმაგი ოდენობის ჯარიმა დაეკისრება.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ მოვაჭრისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესს BM.GE-სთან ონლაინ მაღაზია “საჭირომანიას” დამფუძნებელი, ვიტალი კვერღელიძე აფასებს. მისი თქმით, ის, რომ ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს, კარგია და ეს თანაბარ პირობებში აყენებს ბიზნესებს. თუმცა ის არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ჯარიმის ოდენობა 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. “საჭირომანიას” დამფუძნებლის აზრით, ხარვეზებია ჯარიმის გასაჩივრების ნაწილშიც.

„თუ მოვაჭრე აღნიშნულ დარღვევას გაიმეორებს, ჯარიმის გაორმაგება ხდება. შესაბამისად, კომპანია, თუნდაც მინიმალური ზღვარით, რომ დაჯარიმდეს და მოხდეს მისი გამეორება, თანხა უკვე 1200 ლარზე ადის. საქართველოში ბევრი მცირე მოვაჭრეა, რომელზეც მინიმალური 1200 ლარიც გავლენას მოახდენს.

ჩემი აზრით, კანონში კიდევ არის ერთი ხარვეზი. პირობითად, იმ შემთხვევაში თუ მოვაჭრე არ ეთანხმება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას და ჯარიმას გაასაჩივრებს სასამართლოში, მიუხედავად მოვაჭრის გასაჩივრებისა, მას მაინც ეკისრება ჯარიმა. თუ სასამართლო დავა გაგრძელდა ერთ თვეზე მეტ ხანს და მოვაჭრემ ერთი თვე არ გადაიხადა ჯარიმა, ეს ჯარიმა უკვე აღსრულების ბიუროში გადადის და ხდება მისი იძულებით აღსრულება. ამ პერიოდში კი შესაძლოა სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარე იყოს. ეს არის ის, რასაც კანონში არ ვეთანხმები“, - ამბობს ვიტალი კვერღელიძე.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი 2022 წლის 1 ივნისს ამოქმედდა. მისი აღსრულება კი 2022 წლის 1 ნოემბერს დაიწყო. კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში ჯამში სულ 360 განცხადება შევიდა, 200-ზე მეტ განცხადებაზე კი საქმის შესწავლა დაწყებულია. სააგენტოში განმარტავენ, რომ 360 განცხადებიდან მომხმარებელი უმეტესად ნაკლიანი ნივთის გაცვლაზე ან დაბრუნებაზე ჩიოდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები