მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კონკურენციის გაწევა ისეთი გიგანტებისთვის გვიწევს, როგორებიცაა Temu და Alibaba" - "ველი სთორი"

ველი სთორი

“ველი სთორის” სამომხმარებლო გამოცდილების ხელმძღვანელი ნინი ჩაჩანიძე ელექტრონული კომერციის ქართული კომპანიებისთვის კონკურენტული გარემოს შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მთავარი უპირატესობა, რაც ქართულ ბრენდებს ჩინურ და სხვა უცხოურ პლატფორმებთან, მაგალითად Temu-სთან და Alibaba-სთან მიმართებით აქვთ, ხარისხიანი სამომხმარებლო გამოცდილება და მოქნილი პირობებია. ამის შესახებ ნინი ჩაჩანიძემ "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.

"დღეს ქართულ ელ.კომერციას ღია ბაზარზე უწევს კონკურენციის გაწევა ისეთი გიგანტებისთვის, როგორებიც Temu, Alibaba და სხვა კომპანიები არიან. ისინი იბრძვიან იმით, რომ აქვთ მრავალფეროვანი პროდუქცია, ძალიან დაბალი ფასები და აქტიური მარკეტინგული კომუნიკაციები. ქართულ ელ.კომერციას არ შეუძლია, რომ ეგეთი დაბალი ფასი ჰქონდეს, ან ამდენად მრავალფეროვანი პროდუქცია. ჩვენი ბრძოლა მდგომარეობს არა ფასში, არამედ საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. ჩვენი მიზანიც ზუსტად ეგ უნდა იყოს, რითაც შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ, რომ ბაზარს შევთავაზოთ ნივთის მარტივად დაბრუნების პირობები, ლოკალური გარანტია, ადამიანური მხარდაჭერა და შევქმნათ იმაზე მეტი, ვიდრე ტრანზაქციაა. მგონია, რომ დროთა განმავლობაში ქართველი მომხმარებლები ამ ხარისხს დააფასებენ", - ამბობს ნინი ჩაჩანიძე.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმა ღირსეული კონკურენცია გაუწიონ უცხოურ პლატფორმებს, თანაბარ პირობებში უნდა ოპერირებდნენ, რისი უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებადაც სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაციას მოიაზრებს. “ველი სთორის” სამომხმარებლო გამოცდილების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ბიზნესის ხელშემწყობი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მათ შორის, საგადასახადო შეღავათების მიმართულებით.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები თანაბარ პირობებში ვიბრძოდეთ. მაგალითად, როდესაც ჩინეთიდან იწერ ₾300-ის ქვემოთ ღირებულების პროდუქციას, განბაჟება არ გჭირდება, ჩინურ კომპანიებს კი არც დღგ-ს გადასახადი უწევთ, არც მოგების, არც ტრანსპორტირების - ეს ხარჯები ქართულ კომპანიებს აწვებათ. ევროკავშირმა უკვე დააწესა ნებისმიერი ღირებულების მცირე ზომის ამანათებზე გადასახადი, რათა შეიზღუდოს იმპორტის ზრდა და ფული ბიუჯეტშიც შევიდეს; ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ აშშ-სა და ინდოეთშიც.

შეზღუდვების დაწესებას არ ვეთანხმებით, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ბიზნესებს უნდა დაეხმაროს. დღეს ჩვენ დღგ-ს, მოგების გადასახადს ვიხდით. შეიძლება დაწესდეს შეღავათები, ან პროგრამები, მით უმეტეს, რომ ტექნოლოგიური ელ.კომერციის კომპანიები ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლებელია, გაიზარდოს მომხმარებელთა ცნობიერება იმაზე, უცხოურ პროდუქციას რომ იწერ, როგორ აისახება ეს ქვეყნის ეკონომიკაზე ან რა რისკების წინაშე დგახარ, როდესაც არ გაქვს გარანტია და რთულია ნივთის დაბრუნება", - აღნიშნა ნინი ჩაჩანიძემ.

ცნობისთვის, 2024 საქართველოში უცხოეთიდან 15.1 მილიონი ამანათი გამოიწერეს. BMG-ის შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, რომ გამოწერილი ამანათების საერთო ღირებულებამ შარშან ₾1.4 მილიარდს მიაღწია და ეს მაჩვენებელი 2,7-ჯერ აღემატებოდა 2023 წლის მონაცემებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები