კონკურენციის სააგენტო FMCG ბაზარს სწავლობს. დაწყებულია მონიტორინგი, რომელიც სექტორში შესვლის ბარიერებსა და დანახარჯების საკითხს სწავლობს. კონკურენციის სააგენტოში ამბობენ, რომ მონიტორინგი გამოავლენს სექტორში პრობლემურ საკითხებს და გამოჩნდება. საჭირო გახდება თუ არა სექტორის შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირება. საუბარია რეგულაციებზე, რომელთა შემუშავება მთავრობამ ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა, შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა. უშუალოდ ბაზართან დაკავშირებულ მონაცემებს რაც შეეხება ბოლო 5 წლის განმავლობაში FMCG სექტორის ზომა თითქმის გაორმაგდა და 2023 წელს 21 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან ბრენდული ქსელები ბაზრის 39%-ს იკავებს, რაც 2018 წელს არსებული 22%-დან მკვეთრი ზრდაა. ბაზრის დანარჩენი ნაწილი არაბრენდულ მაღაზიებს, აფთიაქებს და არაფორმალურ ვაჭრობას უჭირავს. გალტ ენ ტაგარტის ბოლო კვლევით FMCG ბაზრის 48% თბილისშია კონცენტრირებული, ხოლო დანარჩენი რეგიონებზე მოდის, საიდანაც ყველაზე დიდი წილი აჭარას და იმერეთს უკავია. ბუნებრივია, FMCG პროდუქციაზე ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე მეტს ხარჯავს, თუმცა ბოლო 2 წელში სექტორის ზრდაში ტურისტების და მიგრანტების კონტრიბუციაც დიდი იყო. ამასთან, გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, FMCG ბაზარზე ყველაზე მეტი, 70% საკვებ პროდუქტებზე იხარჯება, რომელსაც მოჰყვება სასმელები და თამბაქო.
სტუმარი: ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე;