მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის ამოქმედებიდან 11 თვის თავზე, კონკურენციის სააგენტომ კანონის დარღვევისთვის 3 ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, 230-ზე მეტ შემთხვევაში იქნა საქმის შესწავლა დაწყებული, თუმცა ძალიან ცოტა შემთხვევაა, როცა კონკრეტულ მოვაჭრეებს დარღვევა დაუდგინდა. ჯამში ასეთი 10-მდე შემთხვევაა, ხოლო უშუალოდ საჯარიმო სანქცია 3 შემთხვევაში იქნა გამოყენებული. საუბარია ინდივიდუალურ მეწარმეებზე, რომლებიც პროდუქციის რეალიზაციას სოციალური ქსელით ახორციელებდნენ.
„11 თვის თავზე ჩვენ 400-მდე განაცხადი მივიღეთ, აქედან 230 მეტ შემთხვევაში დავიწყეთ საქმის შესწავლა. გადაწყვეტილებები გვაქვს მიღებული ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა მომხმარებლის ინფორმირების სტანდარტის ამაღლება, როგორიც არის ქართულ ენაზე სერვისის მიწოდების სტანდარტი, როგორიც არის მესიჯებთან დაკავშირებული საკითხები, სოციალურ ქსელში ფასის მითითების სტანდარტი და ა.შ საკითხები, რომელიც ჩვენამდე მოდის ძირითადად ეხება ონლაინ ვაჭრობას. ძირითადი შეთანხმებები მოვაჭრეებთან სრულდება ე.წ პირობითი ვალდებულებების აღებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მოვაჭრეს საქმის შესწავლის პროცესში იღებს ვალდებულებას, რომ აღუდგენს მომხმარებელს უფლებას და გაასწორებს სავაჭრო პოლიტიკას.
ძალიან ცოტაა შემთხვევა, როცა ჩვენ დარღვევა დავუდგინეთ კონკრეტულ მოვაჭრეებს, 10-მდეა ასეთი შემთხვევა, ჩვენი მექანიზმი ასე მუშაობს, რომ თუ დარღვევას ვადგენთ ვაძლევთ გაფრთხილებას და გონივრული ვადის შემდეგ თუ ჩვენს მიერ მიღებული გაფრთხილება და ვალდებულებები არ იქნა შესრულებული, მხოლოდ ამის შემდეგ გადავდივართ საჯარიმო სანქციებზე, დაახლოებით სამი შემთხვევაა, სადაც ჩვენ გამოვიყენეთ საჯარიმო სანქციები კონკრეტული მოვაჭრეების მიმართ“,-აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
ჯარიმის მოცულობა განისაზღვრება, კონკრეტული ეკონომიკური აგენტის წინა წლის ფინანსური ბრუნვის 2%-მდე მოცულობით, თუმცა მინიმალური ჯარიმის მოცულობა განსაზღვრულია 600 ლარით.
„ეს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას არ უფიქსირდება ბრუნვები და ძირითად შემთხვევაში დარღვევები ვისაც დავუფიქსირეთ არიან ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც სოციალური ქსელით ახორციელებენ ვაჭრობას“,-განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.
"მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონის აღსრულების მანდატი კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 1 ნოემბრიდან აქვს.