მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ ბათუმში, 9 კვების ობიექტს მენიუს არასახელმწიფო ენაზე განთავსებისთვის დარღვევა დაუდგინა

კვების ობიექტები
28.11.23 12:10
644

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ქ. ბათუმში, კვებითი მომსახურების სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე, 11 მოვაჭრის მიმართ დაწყებული საკითხის შესწავლა დაასრულა.

"სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალებიდან დადგინდა, რომ შპს „ქიზილ 2023“-ის, შპს „გრილ ფუდის“, შპს „ჰარვიდენტის“, შპს „დარიას“, ი/მ ანდრეი ხარბედიას, ი/მ ვლადისლავ კირიაკოვის, ი/მ ალექსანდრ ვასილევის, შპს "ინვესტ ინ ჯორჯიას" და ი/მ მარია კალუსტიანის კუთვნილ ობიექტებში, საცნობარო (კვების) მენიუ შედგენილი და განთავსებული იყო მხოლოდ არასახელმწიფო ენაზე. შესაბამისად, კვების ობიექტებში შესულ მომხმარებლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მიეღოთ ინფორმაცია. შესაბამისად, სააგენტომ, საქმის გარემოებებისა, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და შესწავლის შედეგად, ხსენებული მოვაჭრეების მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. სააგენტოს გადაწყვეტილებებით, მოვაჭრეებს დაევალათ 1 (ერთი) თვის განმავლობაში სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

ამასთან, შპს „დანოს“ და შპს „მაქსი სედვიჩ ჩიქენის“ მხრიდან ზემოხსენებული დაღრვევის ფაქტი არ დადასტურდა.

საკითხის შესწავლის პროცესში, რელევანტური გარემოებების დადგენა-დაზუსტების მიზნით, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობისთვის, შპს „გრილ ფუდს“ და შპს „ჰარვიდენტს“ ჯარიმა დაეკისრათ, თითოეულს 500 ლარის ოდენობით. დღეის მდგომარეობით, შპს „გრილ ფუდის“ მიერ ხსენებული ჯარიმა გადახდილია", - აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 1 ნოემბრამდე, სააგენტოში 462 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 251 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 117 საქმეზე - 77 შეთანხმება გაფორმდა. საანგარიშო პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 38 დარღვევის ფაქტი - 53 საქმეზე, ხოლო 7 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები