საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), საფეხბურთო ბილეთების ელექტრონული რეალიზაციის სექტორში, შპს „თინეთის“ საჩივარი დაუშვებლად ცნო.
სააგენტოს ცნობით, 2025 წლის 4 ივლისს კომპანია "თინეთმა", რომელიც ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა TKT.GE-ის მართავს, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე - შპს „ელ.ბილეთების“, სს „საქართველოს ბანკის“, ღია სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის ჯგუფისა“ და „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის“ მხრიდან, ხოლო ამ უკანასკნელის მხრიდან დამატებით მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევაზე განაცხადი წარადგინა.
„მომჩივანი და ა(ა)იპ „საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია“ (შემდგომში - „ფედერაცია“) აქტიურად თანამშრომლობდნენ ჯერ კიდევ 2016 წლიდან. აღნიშნული თანამშრომლობა დაიწყო მას შემდეგ, რაც ფედერაციამ წარსულში გამართული ღონისძიების ბილეთების გაყიდვის პროცესში გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა თანამშრომლობა მოქმედ პარტნიორთან და არჩევანი გაეკეთებინა უფრო მაღალი ხარისხის მომსახურების მქონე პლატფორმაზე. თანამშრომლობის ფარგლებში, შპს „თინეთის“ კუთვნილ პლატფორმაზე - TKT.ge წელიწადში რამდენჯერმე ხორციელდებოდა ფეხბურთის ბილეთების რეალიზაცია. საჩივარში, ასევე, აღნიშნულია, რომ ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მომჩივანმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსების კუთხით. მომჩივნის განმარტებით, ფედერაციამ მასთან ყოველგვარი განმარტებისა და დასაბუთების გარეშე შეწყვიტა ურთიერთობა. მათ შორის თანამშრომლობის შეწყვეტას წინ უსწრებდა 2025 წლის 2 მაისს ფედერაციაში გამართული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ფედერაციისა და მომჩივნის წარმომადგენლები. აღნიშნულ შეხვედრაზე ფედერაციამ მომჩივნის წარმომადგენლებს ზეპირად განუმარტა, რომ რადგან სს „საქართველოს ბანკი" (შპს „ელ. ბილეთებთან“ აფილირებული კომპანია) წარმოადგენს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალურ სპონსორს, მათ არ ჰქონდათ სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ დამორჩილებოდნენ სს „საქართველოს ბანკის“ მოთხოვნას ფეხბურთის ბილეთების შპს „ელ. ბილეთების” პლატფორმაზე რეალიზაციასთან დაკავშირებით.
მომჩივნის განმარტებით, სს „საქართველოს ბანკმა“, როგორც ფედერაციის გენერალურმა სპონსორმა, დაავალდებულა ეს უკანასკნელი - საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია მომხდარიყო მხოლოდ სს „საქართველოს ბანკთან“ აფილირებული კომპანიის - შპს „ელ.ბილეთების“ პლატფორმაზე (biletebi.ge). ამასთან, მომჩივანი მიიჩნევს, რომ სს „საქართველოს ბანკი“ და შპს „ელ.ბილეთები“ მოქმედებენ, როგორც ერთიანი ეკონომიკური სუბიექტი“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ თინეთის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში.
კონკურენციის სააგენტოში განმარტავენ, რომ დასაშვებობის ეტაპზე, მოპასუხების მხრიდან კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებებთან მიმართებით გონივრული ეჭვი არ გამოიკვეთა. შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, სააგენტომ მოკვლევა არ დაიწყო.
„სააგენტო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ როგორც მომჩივანი, აგრეთვე ერთ-ერთი მოპასუხე - შპს „ელ. ბილეთები“, პერიოდულად შესაბამის ბაზარზე იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობებში ფედერაციასთან. შედეგად, როგორც ძირითადი, აგრეთვე დამატებითი სახელშეკრულებო პირობები თანხმდებოდა მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგად, როგორც ზეპირი გარიგების ფორმით, აგრეთვე წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულებით. უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მომჩივანს და შპს „ელ. ბილეთებს“ გააჩნდათ განსხვავებული საკომისიო, ხოლო როგორც ფედერაცია მის მიერ სააგენტოსათვის წარმოდგენილ პოზიციაში აღნიშნავს40, შპს „ელ. ბილეთები“ არჩეულ იქნა უკეთესი კომერციული პირობების გამო, რაც მათი მოსაზრებით თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის ნაწილია. კერძოდ, ფედერაციის განმარტებით შედეგად, ცალსახაა, რომ მოპასუხე - ფედერაციამ, როგორც ეკონომიკურმა აგენტმა, უკეთესი კომერციული პირობების გამო მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშის ბილეთების სარეალიზაციოდ გადაცემის უფლების ნაწილში შპს „თინეთი“, ჩაენაცვლებინა შპს „ელ. ბილეთებით“, რაც სააგენტოს შეფასებით ვერ წარმოშობს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის გონივრულ ეჭვს“, - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.




























