საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ GLOVO-ს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი - უსამართლო კომერციული საქმიანობა დაუდგინდა.
სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება - საკურიერო სექტორში, ქართულ ენაზე მომსახურების წესის დარღვევას.
"სააგენტოში დაფიქსირებული განცხადების მიხედვით, მომხმარებელმა გლოვოს აპლიკაციის საშუალებით პროდუქტი შეუკვეთა, რომელიც მარაგში არ აღმოჩნდა. პრობლემა შეიქმნა შეკვეთის გაუქმებასთან დაკავშირებით, რადგან კურიერი ქართულ ენაზე ვერ საუბრობდა, არასწორი კომუნიკაციის მიზეზით მომხმარებელს თანხა ჩამოეჭრა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია - ნასყიდობის შემდგომი მომსახურება, ნასყიდობის გარიგების დადებამდე გამოყენებული ენის შესაბამისად განახორციელოს, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოს ტერიტორიაზე, უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე.თუმცა, მომხმარებლის წინასწარი არჩევანით ან თანხმობით მომსახურება შეიძლება განხორციელდეს სხვა ენაზეც" - წერს სააგენტო.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაეკისრა ვალდებულება, დაიცვას ინფორმირებულობის სტანდარტი. კერძოდ, უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის მომსახურების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.