საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ნავთობპროდუქტები ვაჭრობის სექტორში სამი სუბიექტის გაერთიანების თანხმობა გასცა.
სააგენტოს ინფორმაციით, ნავთობპროდუქტებით საცალო და საბითუმო ვაჭრობის სექტორში უჩა ლურსმანაშვილის, შალვა ხუხაშვილისა და ნოდარ ხუხაშვილის მიერ ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.
მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, ეროვნულ დონეზე საცალო ბაზრის მოცულობამ 2023 წელს შეადგინა 1 397 855 ათასი ლიტრი, საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა - 383, საცალო ბაზარზე მოქმედი ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა - 1 211.
„ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=1 132, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შედეგად, ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსია HHI=1 163, ინდექსის ცვლილება ΔHHI=31.
2023 წელს, შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი (HHI ინდექსი) შეადგენდა 1 167 ერთეულს. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ, სამიზნე და მათთან დაკავშირებული კომპანიების მიერ 2023 წელს იმპორტირებული საწვავის რაოდენობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კონცენტრაციის ინდექსის ზრდა 18 ერთეულით - 1 185 ერთეულამდე. შესაბამისად, დაგეგმილი კონცენტრაციის შედეგად შესაბამის ბაზარზე კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას ადგილი არ აქვს.
ინფორმაციისთვის, კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს წინასწარ წერილობით, სრულყოფილად უნდა წარედგინოს შეტყობინება იმ კონცენტრაციის თაობაზე, რომლის მონაწილე მხარის / მხარეების როგორც ინდივიდუალური, ისე ჯამური ერთობლივი შემოსავალი კონცენტრაციის განხორციელების წინა ფინანსური წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე აღემატება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
2024 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა“, - წერს სააგენტო.