მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეპსოლი" სრულად იცავს საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო რეგულაციებს - განცხადება

ქონექთი

"ის თუ სად განახორციელებს შპს სოლიდუსი ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას ჩვენთან არ თანხმდება და სცდება ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებს" - ამის შესახებ კომპანია "რეპსოლის" განცხადებაშია აღნიშნული.

საქმე ისაა, რომ „სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში გაყიდული საწვავი, კომპანია „რეპსოლისგან“ შეიძინა, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს.

კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "შპს „რეპსოლი“ 2014 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნავთობპროდუქტების იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.

ბოლო დროს არსებული ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, კომპანია ახერხებს საქართველოს მოსახლეობისთვის შეინარჩუნოს სტაბილური მიწოდების ჯაჭვი და მოსახლეობას შესთავაზოს ევროპული საწვავი საუკეთესო ფასად, კომპანიის მფლობელობაში არსებული ბენზინგასამართი სადგურების ქსელის, „CONNECT“-ის მეშვეობით.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საბითუმო/კორპორატიული გაყიდვების ფარგლებში, კომპანია ახორციელებს 3000-ზე მეტი ქართული კომპანიისთვის ნავთობპროდუქტების მიწოდებას, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით.

მიმდინარე წელს, კომპანიისგან ბენზინის ტიპის საწვავი შეიძინა შპს „სოლიდუსმა“, რომელმაც გადაიხადა პროდუქციის ღირებულება და ეტაპობრივად ახორციელებს მის გატანას. ის, თუ სად განახორციელებს შპს „სოლიდუსი“ ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება და სცდება ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებს. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შპს „სოლიდუსს“ მიღებული აქვს სპეციალური თანხმობა, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა.

გვსურს მკაფიოდ განვმარტოთ, რომ შპს „რეპსოლი“ სრულად იცავს საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო რეგულაციებს. შესაბამისად, მედიასაშუალებებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა",- წერია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები