აფხაზეთში, ენგურის ხიდის გავლით, გაგზავნილი ასობით ტონა საწვავის ფონზე, ქართველი სამართალდამცველები, გალში მცხოვრებ ქართველებს, საწვავის გადატანაზე ლიმიტს უწესებენ.
როგორც BMG-ის ადგილობრივებმა განუცხადეს, რიგითი ქართველისთვის, ენგურის ხიდზე, მხოლოდ 20 ლიტრამდე საწვავის გადატანაა დაშვებული.
"მოგეხსენებათ, აფხაზების საგუშაგომდე მიმავალი ყველა ტრანსპორტი სისტემატურად მოწმდება. რაც საწვავის დეფიციტი დაიწყო, ახლა ამაზე გამკაცრდა კონტროლი, იქამდეც იყო საბურავებზე, ხან რაზე და ხან - რაზე, ვერ გაიგებ. არც არავინ აგიხსნის ნორმალურად, თუ რას რატომ ზღუდავენ ან უშვებენ. დღეს, მორიგი კონტროლის გავლის დროს, გამოგვიცხადეს, რომ მხოლოდ 20 ლიტრამდე საწვავის შეტანის უფლებას გვაძლევენ, თუ რა ხდება 20 ლიტრის მერე, მინდოდა მეკითხა, მაგრამ შარს მოვერიდე“, - მოუყვა BMG-ს გალის მკვიდრმა, რომელიც ზუგდიდი - ენგურის ხიდის მიკროავტობუსით ხშირად გადაადგილდება.
მისივე თქმით, გაურკვეველია საწვავის რა რაოდენობის გადატანის უფლებას იძლევა რუსულ-აფხაზური ე.წ. კონტროლი.
"ვინც არ იცის, ჩვენ აფხაზეთში გადასასვლელად, სამ ადგილას გვიმოწმებენ ჩანთებს და საბუთებს. ზუგდიდიდან რომ მიდიხარ, ჯერ ქართველები გამოწმებენ, მერე რუსები და მერე - აფხაზები. სამივეგან არის შანსი, ბარგი არ შეგიმოწმონ, მაგრამ ესეც გამართლებაზეა. არავინ იცის ზუსტად რის უფლებას გვაძლევს დანარჩენი “კონტროლი”, კითხვასაც ვერავინ გაუბედავს. ამბობენ 5 ლიტრიო, მაგრამ აქ შანსი იმის, რომ მეტი შეიტანო, სულ არის, ან ფულს გადაიხდი და გაგატანენ, აქაური ხალხი ყველაფერს ახერხებს, უბრალოდ გაუგებარია, რატომ მზღუდავს ისევ ჩემი ქართველი, როცა აგერ ტონობით საწვავი შემოაქვთ. თუ ხმამაღლა აცხადებ, რომ მე მეხმარები, რატომ მიზღუდავ დავეხმარო საკუთარ თავს?!” - აცხადებს გალში მცხოვრები ქართველი.
კითხვაზე, ხმარდება თუ არა აფხაზეთში შესული საწვავი ქართველებს, დაზუსტებულ პასუხს ვერავინ გეტყვით, მაგრამ მოქალაქეები, რომელთაც BMG ესაუბრა, ერთმანეთში აქტიურად განიხილავენ საწვავით რუსების მომარაგების ვერსიას.
„გალში საწვავი არ გვაქვს, ტელევიზორში კი გამოვიდნენ და ჩვენ გვაბრალებენ - ქართველებს დავეხმარეთო. ჩვენ თუ გვეხმარებოდნენ, მაშინ გალში რატომ არ არის საწვავი და თუ არის, რატომაა სხვა ტერიტორიაზე ძვირი?! ხალხი, ოჩამჩირეში, დილიდან დაღამებამდე ხუთასმანქანიან რიგში დგას; თუ ქართველს ეხმარები, ამდენი ტონა საწვავი გალში რომ დარჩენილიყო, რა გვიჭირდა, ვიფიქრებდით, რომ მართლა დაგვეხმარნენ. საქმე ის არის, რომ ყველამ ვიცით, ვისაც დაეხმარნენ და ღირსიც ვიქნებით მაგისთვის უკრაინამ დაგვბომბოს“, - ამბობს ერთ-ერთი გალში მცხოვრები.
აფხაზეთის საწვავით მომარაგების თემაზე მუშაობისას BMG ისეთ ქართველებსაც ესაუბრა, ვინც რუსეთისთვის საწვავის მიწოდებაში პრობლემას ვერ ხედავს.
"მერე რა რუსებს თუ მისცეს საწვავი, ჩვენც ხომ მოგვცეს ცოტა? აბა, ჩვენ ცოდო არ ვართ, გადაადგილება არ გვჭირდება?!“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მგზავრმა, რომელზედაც ასევე, 20-ლიტრიანი ლიმიტი ვრცელდება.
ადგილობრივების ინფორმაციითვე, გალში საწვავის ფასი 100 რუსული რუბლიდან 170 რუბლამდე მერყეობს, ოჩამჩირეში სულ რაღაც 75 რუბლია.
რატომ დაუწესა ქართულმა მხარემ რიგით ქართველებს ენგურის ხიდზე მხოლოდ 20 ლიტრამდე საწვავის გადატანის ლიმიტი - ამ კითხვით BMG-მ შსს-ს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს მიმართა, მაგრამ ოფიციალური განმარტება არცერთი უწყებისგან ამ დრომდე არ მიგვიღია.
ცნობისთვის: ამ დროისთვის კომპანია „სოლიდუსის“ მიერ, ენგურის ხიდის გავლით, აფხაზეთში 680 ტონა ბენზინია შეტანილი. ეს მონაცემი 18 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააჟღერა. მისივე თქმით, საწვავის შეტანა კერძო ბიზნესის ინიციატივით განხორციელდა და გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობასთან იყო შეთანხმებული. პრემიერის განცხადებითვე, ხელისუფლებისთვის მთავარი მოტივი არა - ეკონომიკური სარგებელი, არამედ აფხაზურ საზოგადოებასთან ნდობის აღდგენა იყო.
„ჩვენთან შეთანხმებული იყო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. არსებობს საკანონმდებლო აქტები, რომლის საფუძველზეც ასეთი ტრანზაქციები ხორციელდება და, რა თქმა უნდა, მთავრობასთან იყო შეთანხმებული ეს ნაბიჯი. ბუნებრივია, აქვს თავისი პოლიტიკური მგრძნობელობა ასეთ საკითხებს, შესაბამისად, შეთანხმებული იყო მთავრობასთან ბიზნესის მხრიდან, როდესაც ბიზნესმა გამოთქვა ასეთი ინტერესი, როდესაც ბიზნესმა მიიღო ეს წინადადება. ჩვენ დავინახეთ სარგებელი, მათ შორის, ნდობის აღდგენის კუთხით“, - განაცხადა მან.
“რადიო თავისუფლების” ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შემტანი კომპანია „სოლიდუსი“ საწვავის შესაძენად ქართულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 15 აგვისტოს შპს „რეპსოლმა“ („ქონექტი“), რომლისგანაც „სოლიდუსი“ ქართულ ბაზარზე ბენზინს ყიდულობდა, განაცხადა, რომ კომპანიაზე „დამატებით მიწოდებას“ აღარ გეგმავს. “ადგილობრივ ბაზარზე რთულია ბენზინის მოპოვება. არ არის ჭარბი ბენზინი აქაც, მარტივი არაა საწვავის შოვნა“, - ამბობს გიორგი არველაძე.
შეგახსენებთ, 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საწვავი სახელმწიფოს არ შეუტანია და ის კერძო ბიზნესმა შეიტანა.
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა „სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემაც დაადასტურა. მისი თქმით, საწვავი მისმა კომპანიამ შეიტანა და ამის მიზეზად დაასახელა რისკი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში“.
13 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამისთვის ცალკე სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭირო არ იყო, რადგან საწვავი „სპეციალური საწარმოს სტატუსის“ მქონე კომპანიამ შეიტანა.
აღნიშნული სტატუსის მინიჭების წესი 2019 წელს, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის საფუძველზე დამტკიცდა. წესის მიხედვით, სტატუსს კომპანიას შემოსავლების სამსახური ანიჭებს და ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის შეტანის უფლებას ითვალისწინებს.
ამასთან, 2026 წლის 11 აგვისტოს მთავრობამ „სოლიდუსს“ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის უფლება კიდევ სამი თვით გაუგრძელა, განკარგულება კი 2026 წლის 18 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება.




























