ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შემტანი კომპანია „სოლიდუსი“ საწვავის შესაძენად ქართულ კომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას „სოლიდუსის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა გიორგი არველაძემ.
15 აგვისტოს შპს „რეპსოლმა“ („ქონექტი“), რომლისგანაც „სოლიდუსი“ ქართულ ბაზარზე ბენზინს ყიდულობდა, განაცხადა, რომ კომპანიაზე „დამატებით მიწოდებას“ აღარ გეგმავს.
„ქონექტს“, სხვა კომპანიების მსგავსად, საქართველოში ბენზინი ევროპული ქვეყნებიდან შემოაქვს.
„ადგილობრივ ბაზარზე რთულია ბენზინის მოპოვება. არ არის ჭარბი ბენზინი აქაც, მარტივი არაა საწვავის შოვნა“, - ამბობს არველაძე.
ამ დროისთვის „სოლიდუსის“ მიერ 680 ტონა ბენზინია მიწოდებული. ეს მონაცემი 18 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემაც გააჟღერა. რადიო თავისუფლების ცნობით, კობახიძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის გადატანა მის გუნდთან შეთანხმებული იყო და პროცესი კანონმდებლობის დაცვით განხორციელდა.
ამასთან, არველაძე „დათვურ სამსახურს“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მიწოდებამ აფხაზეთში 3 ათასი ტონა შეადგინა.
„პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ 3 ათას ტონაზე გამოიწვია აჟიოტაჟი, მათ შორის გალის რაიონში. ხალხი კითხულობს, სად არის 3 ათასი ტონა? არ შეიძლება ასეთი არასწორი მოლოდინების შექმნა“, - ამბობს არველაძე რადიო თავისუფლებასთან.
ენზინის დეფიციტი გალში
ბიზნესმენის განცხადებით, კომპანიის მიერ აფხაზური კომპანიებისთვის მიწოდებული საწვავი გალზე, ოჩამჩირესა და ტყვარჩელზე გადანაწილდა, თუმცა დეფიციტის აღმოფხვრისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან ბენზინი „უცებ დაიტაცეს“.
გალის რაიონში საწვავის მწვავე დეფიციტის შენარჩუნებას ადასტურებენ რადიო თავისუფლების წყაროებიც. სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ გალში ენგურის ხიდით შეტანილი ბენზინის მცირე ნაწილი დარჩა.
„დღიური მოხმარება აფხაზეთში 430 ტონაა. ღია წყაროებში ჩანს, რუსეთიდან რამდენი შედის. 680 ტონა 2-3 დღის მარაგია. აფხაზური კომპანიები ვერ ყიდულობენ საწვავს რუსეთიდან, ამიტომაც გაჩნდა სიტყვა „ალტერნატივა“, - ამბობს გიორგი არველაძე.
მისივე განცხადებით, უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება დეფიციტი, შესაბამისად, ბენზინის მოწოდებაზე მუშაობა შესაძლოა „ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდეს“.
18 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „მომდევნო დღეების განმავლობაში დაგეგმილია დამატებითი საწვავის ტრანსპორტირება აფხაზეთის მიმართულებით და ამით შეივსება საწვავის დეფიციტი, რითაც ჰუმანიტარული პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრება“.
„აზიდის“ განცხადება
ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი მსხვილი კომპანია „აზიდი“ ერთ-ერთია, რომელსაც საწვავს „სოლიდუსი“ აწვდის.
17 აგვისტოს „აზიდმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საწვავის ბაზარზე ვითარებას „რთული“ უწოდა. კომპანიის ცნობით, ბენზინის მიწოდების მოცულობა „ტრადიციული არხებით“ (ანუ რუსეთიდან) „ვერ ფარავს ბაზრის მიმდინარე მოთხოვნას“.
„ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა ბენზინის დამატებითი მოცულობების მოსაძიებლად, მათ შორის ალტერნატიული წყაროებიდან. მთელი შემოსული რესურსი მაქსიმალურად ოპერატიულად იგზავნება ავტოგასამართ სადგურებზე, ხოლო მისი გადანაწილება ორგანიზდება ისე, რომ შესაძლებლობის ფარგლებში შემცირდეს ლოდინის დრო და რიგები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„აზიდის“ ცნობით, „გარკვეული პერიოდით მოხერხდა ბენზინის დამატებითი მოცულობების მოზიდვა ალტერნატიული წყაროებიდან“. კომპანია ირწმუნება, რომ არათუ მოგებაზე არ მუშაობს, არამედ ბენზინს შესყიდულ ფასზე იაფად ყიდის.
ქართული კომპანიის მიერ მიწოდებულ საწვავს „ალტერნატიულ წყაროდ“ დე ფაქტო მთავრობაც მოიხსენიებს.
არსებული ინფორმაციით, „სოლიდუსი“ კიდევ ორ აფხაზურ კომპანიასთან თანამშრომლობს - ესენია შპს „ალხანი“ და ე.წ. სახელმწიფო კომპანია „АГТК“.




























