„სოლიდუსმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში გაყიდული საწვავი, კომპანია „რეპსოლისგან“ შეიძინა, რომელიც ქართულ ბაზარზე „ქონექთის“ ბრენდის გასამართი სადგურებით ოპერირებს.
ამის შესახებ „სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ BM.GE-ს განუცხადა. კომპანია, რომელიც სპეციალური საწარმოს სტატუსი აქვს, საქართველოდან ოკუპირებულ რეგიონში პროდუქტების გაყიდვა შეუძლია. ამგვარად, როგორც გიორგი არველაძე ამბობს, „სოლიდუსმა“ დღეისთვის უკვე 400 ტონა ბენზინი გალის რაიონში გაყიდა.
„საწვავი "რეპსოლისგან" ვიყიდე. ვინც კარგ ფასს მომცემს, იმისგან ვიყიდი-თქო და თუ გაქვთ სურვილი შემომთავაზეთ-თქო“, - განუცხადა BM.GE-ს „სოლიდუსის“ მფლობელმა.
კომპანია „რეპსოლი“ 2014 წლის 4 დეკემბერს დაფუძნდა. 100%-იანი წილის მესაკუთრე უჩა ლურსმანაშვილი, დირექტორი კი ჯემალ ონიანია. კომპანიის ძირითად საქმიანობაა ნავთობპროდუქტებით საცალო და საბითუმო ვაჭრობა ბენზინგასამართი სადგურებისა და ნავთობბაზის მეშვეობით. 2024 წლის 17 აპრილს შპს „რეპსოლმა“ შეიძინა შპს „არგუმენტის“ 100% წილი, რომელშიც გადაიხადა 1,602,600 ლარი. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჯგუფის 754 ადამიანს ასაქმებდა. ამის შესახებ კომპანიის 2024 წლის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა. „რეპსოლს“ 2025 წლის ანგარიშგება ჯერ წარმოდგენილი არ აქვს.
„ვაცნობიერებთ რა ჩვენი წილ პასუხისმგებლობას ქვეყნის კანონმდებლობის წინაშე, ასევე ერთგულებას მაღალი კორპორაციული სტანდარტების მიმართ, ჩვენი მისიაა მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე შევთავაზოთ ხარისხიანი პროდუქტი და მომსახურება. კომპანია არსებობის მანძილზე ემსახურება საქართველოში ოპერირებად ეკონომიკურ აგენტებს საწვავის საბითუმო მიწოდების კუთხით და ამ ეკონომიკური აგენტების რიცხვი მზარდია. ამავდროულად კომპანიაში საცალო რეალიზაციის მიმართულებაში ჩადებული ინვესტიციით მოხდა შეძენილი და იჯარით აღებული ბენზინგასამართი სადგურების მეშვეობით ბენზინგასამართი სადგურების ქსელის შექმნა ქვეყნის მასშტაბით, რამაც საშუალება მოგვცა საცალო მომხმარებლისთვის მიგვეწოდებინა ხარისხიანი პროდუქტი და მომსახურება. კომპანიის ბენზინგასამართი სადგურები განთავსებულია: კახეთში, თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, სვანეთში და აჭარაში. 2024 წლის ბოლოსთვის კომპანია ოპერირებას უწევდა 100 მეტ ერთეულ ბენზინგასამართ სადგურს (კუთვნილს და იჯარით აღებულს ერთად)“, - წერია ანგარიშგებაში.
2024 წელს საწვავის ბაზრის TOP-5 მოთამაშის ამონაგები ₾3.3 მლრდ-მდე გაიზარდა - TBC Capital
2024 წელს ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი 513 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო საანგარიშო პერიოდის წმინდა მოგება - 4.8 მილიონ ლარია. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის აქტივების ღირებულება 109 მილიონ ლარი იყო, ხოლო საკუთარი კაპიტალი - 34 მილიონი ლარი.
აღნისანიშნია, რომ „რეპსოლი“ ფლობს შემდეგი კომპანიების წილებს:
- 1995 წელს დაფუძნებულ კომპანია „გიგო“-ში მას 35%-იანი წილი ეკუთვნის;
- 2004 წელს დაფუძნებული კომპანია „გოლდენ ოილის“ 100%-იანი წილის მფლობელია;
- 1996 წელს დაფუძნებულ შპს „არგუმენტში“ მას 100%-იანი წილი ეკუთვნის.
ცნობისთვის, 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი მწვავე საწვავის კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. აღნიშნული ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავი არა მთავრობამ, არამედ კერძო ბიზნესმა შეიტანა.
13 აგვისტოს კი მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 11 აგვისტოთი დათარიღებული განკარგულება, რომელიც პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალური საქმიანობის განხორციელებისთვის სპეციალურ თანხმობას შეეხება. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხმობა 3 თვის ვადით გაუხანგრძლივდა 2010 წელს დაფუძნებულ კომპანია შპს "სოლიდუსს". დოკუმენტის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მიწოდება სწორედ სპეციალური სტატუსის მქონე კომპანიას შეუძლია.
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტის გამწვავების შემდეგ, საქართველოში რეგისტრირებულმა სპეციალური სტატუსის მქონე კომპანია „სოლიდუსმა“ ბოლო დღეების განმავლობაში, ოკუპირებულ რეგიონში 400 ტონა საწვავი გაყიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი არველაძე ამბობს, ეს აფხაზეთში საწვავის გაყიდვის პირველი შემთხვევა იყო და მოთხოვნის არსებობის პირობებში, საწვავის მიწოდებას გააგრძელებს.




























