საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე კონცენტრაცია გამოავლინა, რომელიც წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარებოდა. სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება გასულ წელს, სს „ქართული ლუდის კომპანიას“ მიერ შპს „ზედაზენი 2012-ის“ 100%-იანი წილის შეძენას. როგორც შესაბამის ბრძანებაშია აღნიშნული, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კონცენტრაციის შეუტყობინებლობისთვის სს „ქართული ლუდის კომპანია“ 40 000 ლარით დაჯარიმდა.
ამასთან, სააგენტომ აღნიშნულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გარიგება კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.
„სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით დადგინდა, რომ არაალკოჰოლური სასმელების ბაზარზე, 2023 წელს, მოქმედებდა - 215 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა - 464 757 669 ლიტრს, ხოლო ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსი - 2 590. რაც შეეხება ლუდის ბაზარს ამავე წელს - ბაზარზე მოქმედებდა - 75 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა - 90 532 597 ლიტრს, ბაზრის კონცენტრაციის - HHI ინდექსი - 1888.
სააგენტოს შეფასებით, არაალკოჰოლური სასმელების ბაზარი მაღალკონცეტრირებულია, თუმცა კონცენტრაციის ინდექსი მცირედით აღემატება ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის ინდექსის მაქსიმალურ მაჩვენებელს (2250). ლუდის ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია, ხოლო სადისტრიბუციო მომსახურების ბაზარი დაბალკოცენტრირებულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტოს გადაწყვეტილებით, განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზარზე არსებით გავლენას არ ახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია“,- აღნიშნავენ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში.
სს „ქართული ლუდის კომპანია“ (ზედაზენი) 2011 წელს დაარსდა. საწარმო, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოში მდებარეობს. საჯარო რეესტრში ასახული სს „ქართული ლუდის კომპანის“ აქციონერების გადაწყვეტილების მიხედვით, საზოგადოებამ შპს „ზედაზენი 2012“-ის 100%-იანი წილი 5 000 ლარად იყიდა. კერძოდ, შპს „ზედაზენი 2012“-ის კაპიტალში 10%-იანი წილის გამოსყიდვა მოხდა თეიმურაზ მამაცაშვილისგან, 20%-იანი წილის ზვიად ამირიძისგან, ხოლო 70%-იანი წილი - ნიკოლოზი გვრიტიშვილისგან. შპს „ზედაზენი 2012“ დისტრიბუციის მიმართულებით ოპერირებს. როგორც მხარეებმა კონკურენციის სააგენტოს კონცენტრაციის მიზანთან დაკავშირებით განუმარტეს, შპს „ზედაზენი 2012-ის“ ეფექტურობის ზრდისთვის საჭირო იყო დამატებითი ინვესტიცია. თავის მხრივ, სს „ქართული ლუდის კომპანიის“ გეგმაა, მეტი პროდუქტის რეალიზება შეძლოს როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამის ფონზე კი, მისი მოსაზრებით, შპს „ზედაზენი-2012“ უფრო ეფექტიანად გააგრძელებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ წარმოებული და იმპორტირებული პროდუქციის სრული ასორტიმენტის დისტრიბუციას.