მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ swoop.ge-ის და "მასტერქარდ იუროფის“ მიმართ მოკვლევა დაასრულა

SWOOP MASTERCARD

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების საქმესთან დაკავშირებული მოკვლევა დაასრულა.

საკითხი ეხებოდა - შპს "თინეთისა“ (www.swoop.ge) და სს "მასტერქარდ იუროფის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება) სავარაუდო დარღვევის ფაქტს. საქმე ისაა, რომ "მასტერქარდის" ბარათის მფლობელებისთვის მხოლოდ "თინეთის'' კუთვნილ ვებპორტალზე - www.swoop.ge ექსკლუზიურად ხდებოდა დამატებითი, 25%-იანი ფასდაკლების შეთავაზება.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, GCCA-მ მოკვლევის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები შეისწავლა და მათი პირობები გააანალიზა, შეფასდა ყველა ფაქტობრივი გარემოება. GCCA-ის მიერ დამუშავებული დოკუმენტაციის შედეგად, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შორის სავარაუდო ექსკლუზიური შეთანხმების არსებობის ფაქტი და შესაბამისი კანონდარღვევა არ დადგინდა, თუმცა ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ორი განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გაიცა.

  1. შესაბამისი ბაზრის ორივე დონეზე მოქმედი და პოტენციური ეკონომიკური აგენტების მხრიდან სახელშეკრულებო, საბაზრო-პარტნიორულ ურთიერთობებში შესვლისა და შესაბამისი მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მიზეზები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ჯანსაღი და სამართლიანი კონკურენციის წესებს.
  2. ეკონომიკური აგენტების მხრიდან სახელშეკრულებო ურთიერთობები უნდა იწარმოოს იმგვარად, რომ ისინი არ აწესებდნენ გაუმართლებელ ბარიერს ბაზარზე შესასვლელად, არ ზღუდავდნენ ეკონომიკური აგენტების მონაწილეობას სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების ონლაინ ბაზარზე, ხოლო „ექსკლუზიური მიწოდების“ პირობის გამოყენებისას, აღნიშნული დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი გარემოებებით.

GCCA-ის მიერ გაცემული რეკომენდაციების ადრესატია - საერთაშორისო საბარათე სქემების მეშვეობით განხორციელებული მომსახურების ბაზრის, აგრეთვე ლოიალობაზე დაფუძნებული სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების ონლაინ მიწოდების ბაზრის ყველა მოქმედი და პოტენციური ეკონომიკური აგენტი.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად სავარაუდო დარღვევის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს კომპანია "რეშენალ სოლუშენსმა“ (www.hotsale.ge) მიაწოდა, თუმცა მოგვიანებით კომპანიამ საჩივარი გაიხმო, თუმცა მასში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებისა და თანდართული მტკიცებულებების საფუძველზე სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გონივრული ეჭვი წარმოიშვა. შესაბამისად, სააგენტომ საკუთარი ინიციატივით დაიწყო მოკვლევა.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია 2 მოკვლევის საქმე. 2024 წელს, სააგენტომ კვებით სექტორში 1 საქმე დაასრულა, სადაც კეთილსინდისიერი კონკურენციის დარღვევის ფაქტი დადგინდა, დაეკისრა შესაბამისი საჯარიმო სანქცია. საანგარიშო პერიოდში, GCCA-მ 6 საჩივარი დაუშვებლად ცნო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები