კონკურენციის სააგენტომ თავსებადად მიიჩნია ცემენტის წარმოების სექტორში მისი გვერდის ავლით მომხდარი გაერთიანება.
სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), ფ/პ „ემინ უჩარის“ მიერ შპს „ჯერმან ცემენტ ლტდ-ის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია.
საქართველოსა და თურქეთის ორმაგმა მოქალაქემ ემინ უჩარმა კომპანია თურქეთის მოქალაქის ომერ ქირაჩისგან მიმდინარე წლის ივლისში იყიდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული კონცენტრაცია სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა. შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კომპანიას დაევალა - განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი სახით სააგენტოში წარმოდგენა, ხოლო კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო, ფ/პ ემინ უჩარს დაეკისრა ჯარიმა.
სააგენტოს ინფორმაციით, GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
2024 წელს, 9 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. იანვარი-ივნისის თვის ჩათვლით, GCCA-ის მიერ 35 924 კონცენტრაცია გადამოწმდა. ამ დროისთვის, განხილვის ეტაპზეა 1 კონცენტრაცია.