მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონკურსი გრძელდება! – გაემგზავრე MIT-ში სრული დაფინანსებით და დაიწყე კარიერა SEU-ში

SEU
22.07.25 15:20
1856

სასწავლო და პროფესიული განვითარების უნიკალური შესაძლებლობა გრძელდება – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ღია კონკურსს აგრძელებს, შერჩეული კანდიდატები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) გაემგზავრებიან და გაივლიან სრულად დაფინანსებულ ანტრეპრენიორული განათლების პროგრამას.

როგორც SEU-ში BM.GE-ს განუცხადეს, ეს შესაძლებლობა განკუთვნილია როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე აკადემიური პერსონალისთვის, ისე იმ პროფესიონალებისთვის, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს და სურს მომავალში SEU-ს აკადემიური აფილირებული პერსონალი გახდეს. კონკურსში მონაწილეობა ყველას შეუძლია, ვისაც საერთაშორისო გამოცდილების მიღების, ცოდნის გაღრმავების და აკადემიური კარიერის განვითარების სურვილი აქვს.

საგანმანათლებლო დაწესებულების ინფორმაციით, SEU-სა და MIT-ის პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო. ამ თანამშრომლობამ უნივერსიტეტს საშუალება მისცა არა მხოლოდ აკადემიური პერსონალის, არამედ სტუდენტების ჩართვაც – SEU ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები ყოველწლიურად მიემგზავრებიან MIT-ში და მონაწილეობენ StartMIT-ის პრაქტიკულ სამკვირიან პროგრამაში, სადაც თავიანთ ამერიკელ თანატოლებთან ერთად მუშაობენ რეალურ მეწარმეობრივ გამოწვევებზე.

"MIT-ის ისტორიისა და მისი პოზიტიური გავლენების განხილვისას ინოვაციების, ფინანსების, მენეჯმენტისა და ტექნოლოგიების მიმართულებით უამრავ თემაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ეს პროგრამა, რომელიც კონკრეტულად მეწარმეობას ეძღვნება, წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს კვლევით და სასწავლო ცენტრს. პირველწყაროსთან უშუალო შეხება განსხვავებული და უნიკალური გამოცდილების საწინდარია – როდესაც ურთიერთობა გაქვს თავად სისტემის ავტორსა და შემქმნელთან, ეს პირდაპირ აისახება ხარისხსა და შინაარსობრივ ღირებულებაზე.

აღნიშნულს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება როგორც აკადემიურ მიმართულებაზე, ასევე ბაზრის განვითარების პერსპექტივაზე. MIT-ის ფილოსოფია და კონცეფცია მეწარმეობას აღიქვამს, როგორც პროფესიას, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს დისციპლინირებული მეწარმეობის სახით. ამ მიდგომების შესახებ დისკუსია და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება გვაძლევს შესაძლებლობას, ეს ცოდნა, გამოცდილება და დოვლათი ჩამოვიტანოთ საქართველოში და ეფექტურად გავავრცელოთ", – აღნიშნავს პროგრამის მონაწილე, ბიზნესკონსულტანტი და “ანგელოზი ინვესტორი” , პაატა შურღაია.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის მონაწილეები სტარტაპის შექმნის 24 ნაბიჯსა და 15 პრაქტიკულ ტაქტიკას გაეცნობიან. ეს მეთოდოლოგია უკვე ათასობით წარმატებულ მეწარმეს დაეხმარა ინოვაციური იდეების რეალიზებაში. მონაწილეები ასევე პირადად გაიცნობენ MIT-ის სამეწარმეო ეკოსისტემას, აქსელერატორებს და იმ პროგრამებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით სტარტაპების უმეტესობის გზას წარმართავენ.

ტრენინგი 2026 წლის 12-დან 16 იანვრის ჩათვლით ჩატარდება, ხოლო ყველა შერჩეულ კანდიდატს SEU დაუფინანსებს როგორც სწავლის, ისე მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს.

MIT უკვე მე-12 წელია, რაც QS World University Rankings-ის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში. MIT-ს კურსდამთავრებულებს დაფუძნებული აქვთ 30,000-ზე მეტი კომპანია, რომელშიც, დღესდღეობით, 4.6 მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული და წელიწადში 2 ტრილიონ დოლარზე მეტის ეკონომიკურ აქტივობას ქმნის. MIT-ის კვლევების თანახმად, ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ შექმნილი ეკონომიკა ცალკე ქვეყანა რომ იყოს, ის მსოფლიოს სიდიდით მე-10, მძლავრი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ MIT-ის კურსდამთავრებულები არამარტო ბიზნესში, არამედ მეცნიერებასა და პოლიტიკაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. მათ შორის არიან ნობელის პრემიის ლაურეატები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ტექნოლოგიური გიგანტების დამფუძნებლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები