„ანაკლიის პორტის პროექტში "კონტი ჯგუფის" დარჩენა, ამერიკული ფონდის თუ "მერიდიანის" პროექტში მონაწილეობას არ გამორიცხავს", - ასე უპასუხა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა ლევან ახვლედიანმა კითხვას, რომლის თანახმად, პროექტში "კონტი ჯგუფის" დარჩენის ფონზე როგორ შეიძლება გაგრძელდეს „მერიდიანთან“ და ამერიკულ ფონდთან მოლაპარაკება და თანამშრომლობა.
„გუშინ, მთავრობასთან, კერძოდ, მაია ცქიტიშვილთან სამუშაო შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ ყველა ის მიმდინარე საკითხი, რომელიც არაერთხელ დაგვისახელებია, რომ გადასაჭრელია. ვფიქრობ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. გუშინ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიგვიღია, მაგრამ ეს შეხვედრა წინგადადგმული ნაბიჯი იყო და ამ საუბარს სხვადასხვა მიმართულებით გავაგრძელებთ, როგორც მთავრობასთან, ისე პოტენციურ ინვესტორებთან. "მერიდიანი" ერთ-ერთ პოტენციურ ინვესტორად რჩება. მთავრობას კონკრეტული ვადა აქვს იმისთვის, რომ მათი მონაწილეობა დაგვიდასტუროს", - განაცხადა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელებს შეხვდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ფორმატში, მხარეებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს.




























