მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კონსორციუმის გაძლიერება... დამატებითი მოთამაშეების გაჩენა ხდება - დავითაშვილი ანაკლიის პორტის ინვესტორზე

ეკონომიკის სამინისტრო

"ქართული ოცნების" პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები თვის ბოლომდე გახდება ცნობილი.

დავითაშვილი ამბობს, რომ ინვესტორის შერჩევის პროცესში პროგრესი აქვთ. ასევე, მისი თქმით, მიმდინარეობს კონსორციუმის გამსხვილების პროცესი და კონსორციუმში შემოდიან დამატებითი მოთამაშეები, რაც პროექტს კიდევ უფრო ამყარებს.

"რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ამაზე საზოგადოებას თვის ბოლომდე ექნება დეტალური ინფორმაცია, სამშენებლო სამუშაოების პროგრესის შესახებ. აქაც ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ. მე ვთქვი, რომ როდესაც მოხდა კონტრაქტორის შერჩევა, ასევე ამ კონსორციუმში იყო წამყვანი დიზაინ კომპანია Royal haskoningdhv, რომელიც ნომერ პირველია ამ სფეროში და მათთან ერთად მოხდა საპროექტო პირობებისა და დეტალების დაზუსტება. ამიტომ, პროექტი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, ეფექტიანი და უფრო სწრაფად განხორციელებადიც იქნება. სამუშაოები მიდის პარალელურად. მათ შორის, ხდება ინერტული მასალის მობილიზება ადგილზე და მიდის საჭირო ლაბორატორიული კვლევებიც.

ახლა, თვის ბოლომდე, დანიაში დაგეგმილია ძირითადი ტალღების ზემოქმედების კვლევების ჩატარება, რაზეც მედიას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით. მათ შორის, ვიდეომასალას. შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიდის. მეტიც, უფრო სწრაფადაც განხორციელდება.

ჩვენ, ინვესტორის შერჩევის პროცესშიც გვაქვს პროგრესი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პროცესი მიმდინარეა, ვერ მოგაწვდით მეტ ინფორმაციას.

კონსორციუმის გაძლიერება ხდება. ხდება კონსორციუმში დამატებითი მოთამაშეების გაჩენა. ანუ, უფრო სოლიდური იქნება კონსორციუმის შემადგენლობა, რაც ამყარებს ამ პროექტს და ამის შესახებ ინფორმაციას მე თებერვალში მოგაწვდით. თუმცა, ჩვენ აპრილი განვსაზღვრეთ წინადადების დაზუსტების მორიგ თარიღად. ბევრი საკითხი დაისვა პრეტენდენტის მხრიდან, რაზეც ჩვენ პასუხები გავეცით და ასევე,მოვითხოვეთ დაზუსტებები. ეს არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. როგორც ვთქვით, 2028 წლის ბოლოს, შეიძლება დასაწყისშიც, ჩვენ მივიღებთ პირველ გემებს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რა ეტაპზეა პორტის ინვესტორის შერჩევის პროცესი:

საქართველოს მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან ოთხი შემდეგაც CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო ინვესტორის შერჩევის კონკურსი 2024 წლის მაისში დასრულდა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია იყო გადასული, ესენია ჩინური CCCC და შვეიცარიული (TIL) Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა. აღნიშნულ ტენდერში TIL-მა საბოლოო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს პროექტში ინვესტირება შესთავაზა, ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC იყო.

პროექტის მიხედვით, CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი იქნება.

პროექტის თანახმად, ანაკლიის პორტში პირველი საკონტეინერო გემები 2029 წელს უნდა შევიდნენ, პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია და ის წლიურად 600,000 კონტეინერის გამტარიანობის ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები