Maersk-მა ახალი სატრანსპორტო ქსელის აწყობის შესახებ განაცხადა, რომელიც მნიშვნელოვან მწარმოებელ ქვეყნებს - ამერიკის შეერთებულ შტატებს, შორეულ აღმოსავლეთს, ევროპასა და ცენტრალურ აზიას ერთმანეთთან შეუფერხებლად აკავშირებს. Maersk-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ფოთის პორტი მათთვის გლობალურ ოკეანის ქსელთან მთავარი დამაკავშირებელი კარიბჭეა, რადგან ამ პორტიდან რკინიგზით ტვირთი უპრობლემოდ იგზავნება აზერბაიჯანში, შემდეგ კი ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
"ეიპიემ ტერმინალს ფოთის" კომერციული ურთიერთობების დირექტორის, ზვიად ჩხარტიშვილის თქმით, ეს სიახლე ფოთის ნავსადგურს უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს და ნავსადგურის ამოცანაა, დერეფანი არა ალტერნატიული, არამედ უწყვეტი რგოლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახადოს.
“ფოთის ნავსადგური შუა დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლია, რადგან იგი ემსახურება როგორც კავკასიის, ასევე ცენტრალური აზიის რეგიონს, წელს კონტეინერების მხრივ 70%-იანი ზრდა ფიქსირდება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. Maersk-მა დააანონსა ცენტრალური დერეფნის ფოთიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით ე.წ. ბლოკ მატარებლის რეგულარულის სერვისი, რაც, რა თქმა უნდა, ფოთის ნავსადგურს უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს. ახლა ჩვენი, როგორც ფოთის ნავსადგურის ამოცანაა, ომის დასრულების შემდეგაც გავაგრძელოთ ასეთი მუშაობა და ჩვენი დერეფანი გავხადოთ არა, როგორც ალტერნატიული, არამედ უწყვეტი რგოლის ერთ-ერთი ფუნქციის შემსრულებელი დერეფანი ამ ლოგისტიკის ჯაჭვში”, - აღნიშნა მან გადაცემა “საქმიან დილაში” ჩართვისას.
ამასთან, კომერციული ურთიერთობების დირექტორმა აღნიშნა, რომ ფოთის ნავსადგურზე აქტიური ცვლილებები მიმდინარეობს და სამომავლო გეგმებიც ბევრია.
“ტექნოლოგიური ცვლილებები შევიმუშავეთ, რათა გავუმკლავდეთ არსებულ ნაკადებს, ვამატებთ ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებს, როგორიცაა - რკინიგზის ლიანდაგის დამატებას, რათა ბლოკ მატარებელს მოვემსახუროთ, ამასთან, გაქვს პროექტი, რომელიც ფოთის ნავსადგურის ჩრდილოეთ ნაწილის გაფართოებას და ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას მოიცავს, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს პორტში ერთ-ერთი გამოწვევა ნავსადგურებთან დაღრმავების სიმცირეა, რომელიც დაახლოებით 8-8.5 მეტრია, რაც შესაძლებლობას გვაძლევს მხოლოდ და მხოლოდ საკონტეინერო ფიდერულ გემებს მოვემსახუროთ, ამ პროექტის დასრულების შემდეგ კი შესაძლებლობა გვექნება მოვემსახუროთ აბსოლუტურად ყველა გემს, რომელიც შემოვა შავი ზღვის აუზში”, - დასძინა მან.
ზვიად ჩხარტიშვილის თქმით, ფოთის ნავსადგურის მთავარი ამოცანაა შეინარჩუნოს მდგრადობა და უწყვეტობა.
“ლოგისტიკას არ უყვარს დროებითი ზრდა, წელს 70%-იანი ზრდა გვქონდა, მაგრამ ეს რიცხვი ყოველთვის მზარდი უნდა იყოს, ამისთვის აუცილებელია მდგრადობა და უწყვეტობა, აუცილებელია ყველა უწყების ერთად და კოორდინირებულად მუშაობა, თუ პორტი განვითარდა, რკინიგზა კი - ვერა, ამით დადებით მდგომარეობას ვერ შევინარჩუნებთ, ამიტომ ყველა რგოლი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში უნდა იყოს”, - თქვა მან.