თბილისის მერიის განცხადებით, წერეთლის გამზირის კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის მიუხედავად, საავტომობილო მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება. ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
საქმე ის არის, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტზე არსებული ხელშეკრულებები გაწყვიტა. პროექტს ორი კონტრაქტორი - მილენიუმ ბილდერს გრუპი (ორი ლოტი, 22 მლნ ლარი) და "ერ ტე დე" (ერთი ლოტი 9 მლნ ლარი) აშენდება. გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადდა გამარტივებული შესყიდვა 17.7 მილიონი ლარის ოდენობით. მერიის განცხადებით, არსებულმა კონტრაქტორებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია. აქამდე გაცხადებული გეგმით რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში ახალმა კონტრაქტორმა პროექტი 31 იანვრამდე უნდა დაასრულოს.
„თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.
თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრაქტორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი და ხდება კომპანიების გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების გაწყვეტა.
ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას, თუმცა კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში.