საქართველოს პრემიერის ანგარიშში, რომლითაც ირაკლი კობახიძე პარლამენტის წინაშე 28 ივნისს წარდგება, სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და დარგის ხელშეწყობის მექანიზმებზეა საუბარი. ამავე ანგარიშში წარმოდგენილია სახელმწიფო და საინსპექციო კონტროლის შედეგები, რომლითაც ღვინის ხარისხის შემოწმება ხდება.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისის პერიოდში, სახელმწიფო კონტროლი 30 კომპანიაზე განხორციელდა, რა დროსაც აღებული 162 ნიმუშიდან დარღვევა 17 კომპანიის 58 ნიმუშში დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, 690 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა და 80 კომპანიაში აღებული 1700 ნიმუშიდან დარღვევა 18 კომპანიის 34 ნიმუშში აღმოჩნდა. სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების მიერ შემოწმებულ 66 კომპანიაში აღებული 471 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 14 კომპანიის 16 ნიმუშში.
პრემიერის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ - 2023 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში 259.0 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა ექსპორტზე, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ხელშეწყობის პროგრამებს, პარლამენტში გამოსვლისას ირაკლი კობახიძე აღნიშნავს: „სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო გამოფენებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლების მონაწილეობის მიღების ორგანიზება და მრავალმხრივი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბაზრების დივერსიფიცირებისა და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის“ და სტატისტიკას წარადგენს, რომლის მიხედვითაც, საანგარიშო პერიოდში 7 გამოფენაზე გერმანიაში, ლატვიაში, საუდის არაბეთში, აზერბაიჯანში, ნიდერლანდებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საკუთარი პროდუქცია 50-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ წარმოადგინა.
პრემიერის ინფორმაციითვე, ქართული ღვინის მარკეტინგული ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებული შტატებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, პოლონეთში, პორტუგალიაში, დანიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ 16 საერთაშორისო გამოფენაზე, 3 ფესტივალსა და 100-მდე სპეციალიზებულ პრეზენტაცია-დეგუსტაციაზე.
„სახელმწიფოს ხელშეწყობით, 2023 წელს რთველი ჩატარდა ორგანიზებულად და კერძო სექტორის მაღალი ჩართულობით. ჯამში, საქართველოს მასშტაბით, გადამუშავდა 221.2 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი, რის შედეგადაც მევენახეებმა 306 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღეს“, - ნათქვამია ანგარიშში.