მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კონცეფცია არ შეგვიცვლია“ – „სამედიცინო მოლის“ ინვესტორი ქეთევან ხიშტოვანს პასუხობს

სამედიცინო მოლი

„კონცეფციის ცვლილებას ადგილი არ ჰქონია“ - ასე პასუხობს კომპანია „აიემდის“ დამფუძნებელი და ლისზე მდებარე სამედიცინო მოლის პროექტის ინვესტორი პავლე მაღრაძე მოლის დირექტორის ყოფილი მოადგილის ქეთევან ხიშტოვანის განცხადებას.

საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ ქეთევან ხიშტოვანმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ პროექტს იმ მიზეზით ტოვებდა, რომ კომპანიის დირექტორმა მისი კონცეფციის ცვლილება გადაწყვიტა, რაც პარტნიორებთან დადებულ შეთანხმებას არღვევს და თავად პროექტის იდეას შეუსრულებელს ხდის. ხიშტოვანის ინფორმაციით, თავისი და პროექტის პარტნიორი კომპანიების ინტერესების დასაცავად პავლე მაღრაძის წინააღმდეგ ბრძოლას სამართლებრივი გზით გააგრძელებს.

ქეთევან ხიშტოვანისგან დამატებითი დეტალების გარკვევის შემდეგ BM.GE პავლე მაღრაძეს დაუკავშირდა. ის ჩვენი კითხვების საპასუხოდ უარყოფს ქეთევან ხიშტოვანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პროექტის იდეის ავტორი თავად ქეთევან ხიშტოვანი იყო და ამბობს, რომ „სამედიცინო მოლის“ იდეა კომპანიაში ხიშტოვანის მისვლამდე ბევრად ადრე გაჩნდა, ქეთევან ხიშტოვანი კი "სამედიცინო მოლის" პროექტს 2021 წელს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შეუერთდა. პავლე მაღრაძე ამტკიცებს, რომ „აიემდიმ“ ქეთევან ხიშტოვანთან თანამშრომლობა მას შემდეგ გაწყვიტა, რაც ხიშტოვანმა დააარსა კომპანია „საქართველოს სამედიცინო მოლი“ და პროექტის ფარგლებში არსებულ შიდა ინფორმაციას, საკუთარი კომპანიის სასარგებლოდ იყენებდა.

„სამედიცინო მოლის იდეა გაჩნდა ჯერ კიდევ 2017 წელს, აღნიშნულის განხორციელებისთვის ამავე წელს დავაფუძნე კომპანია შპს "აიემდი" და მთელი ჩემი ფინანსური რესურსის მობილიზების ხარჯზე 2019 წელს დავიწყე აღნიშნული კონცეფციის გათვალისწინებით კლინიკის-მოლის შენობის მშენებლობა. პროექტს პირველივე დღიდან დღემდე, როგორც დირექტორი, ვხელმძღვანელობდი თავად, ხოლო ქეთევან ხიშტოვანი სამედიცინო მოლის პროექტს შემოუერთდა 2021 წელს შპს "აიემდის" დასაქმებულის რანგში დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

არ შეესაბამება სინამდვილეს ქეთევან ხიშტოვანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი გახლდათ პროექტის ავტორი, რომ თითქოს მას ჰყავდა პარტნიორები ამ პროექტში და თითქოს პროექტის კონცეფცია რადიკალურად შეიცვალა, უფრო მეტიც, მას სამედიცინო მოლის არც ერთი მიმდინარე გუნდის წევრი არ მოუყვანია კომპანიაში.

რეალურად, ქეთევან ხიშტოვანი მის მიერ აღნიშნული განცხადებების გაკეთებამდე განთავისუფლებულ იქნა დირექტორის მოადგილის პოზიციიდან იმის გამო, რომ მან 2024 წლის ივნისში მალულად დააფუძნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სახელწოდებით "საერთაშორისო სამედიცინო მოლი", მაშინ როცა ჩემს კომპანიას კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული აქვს სასაქონლო ნიშნად სიტყვა “სამედიცინო მოლი”. ჩვენ ასევე გვაქვს მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, ქეთევან ხიშტოვანი შპს “აიემდის” ინსაიდერული ინფორმაციას იყენებდა მისი კომპანიის სასარგებლოდ, რომელიც რეალურად არის შპს „აიემდის“ კონკურენტი. აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა ქეთევან ხიშტოვანს ჰქონდა როგორც „აიემდის“ თანამშრომელს. ამჟამად მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა და დაზუსტება იმის, თუ რა სახის ინფორმაცია მიითვისა ქეთევან ხიშტოვანმა, რის შედეგადაც მივმართავთ შესაბამის ზომებს“, - აცხადებს პავლე მაღრაძე.

„აიემდის“ დირექტორის ცნობით, დღეის მდგომარეობით პროექტში ჩადებულია დაახლოებით 27 მილიონი დოლარის ინვესტიცია. პროექტი გულისხმობს ერთ სივრცეში თავმოყრილ სხვადასხვა ტიპის სამედიცინო და არასამედიცინო სერვისებს, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას. გახსნის შემდგომ სამედიცინო მოლი დაახლოებით 350-400 სამუშაო ადგილს შექმნის. მისი გახსნა კი 2024 წლის ბოლოს იგეგმება. მისივე თქმით, საერთაშორისო სამედიცინო მოლი იქნება მულტიპროფილური კლინიკა, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებს ამბულატორიულ, სტაციონარულ, ქირურგიულ და გადაუდებელ სერვისებს. ჰოსპიტალი გათვლილია 40 სტაციონარულ საწოლზე. ამასთან სამედიცინო მოლი უზრუნველყოფს ისეთი არასამედიცინო სერვისების მიწოდებას როგორიცაა ავტოსამრეცხაო, თეთრეულის სამრეცხაო, დატა ცენტრი, პარკინგი, კაფეტერია, ლაუნჯი.

BM.GE-მ „აიემდის“ დამფუძნებელს სთხოვა განემარტა მიიღო თუ არა კლინიკის კონცეფციის ცვლილების გადაწყვეტილება, რაც სამედიცინო მოლის ნაცვლად კლინიკის გახსნას ითვალისწინებს და თუ - კი, რით იყო განპირობებული ეს გადაწყვეტილება, რაზეც პავლე მაღრაძე პასუხობს: „სამედიცინო მოლის პროექტი მიზნად ისახავს თქვას ახალი სიტყვა ჯანდაცვის სისტემაში და ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო მასშტაბს. ინფრასტრუქტურულად ჰოსპიტალი ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. შესაბამისად, ჩვენი მიზანია სრულიად საქართველოს მოსახლეობას, ისევე როგორც სხვა და სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ პაციენტებს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო და არასამედიცინო სერვისები ერთ სივრცეში. რა თქმა უნდა, არანაირ კონცეფციის ცვლილებას არ ჰქონია ადგილი. თავდაპირველად, ჰოსპიტლის მშენებლობა უფრო პატარა მასშტაბებს გულისხმობდა, თუმცა დროთა განმავლობაში კლინიკის მასშტაბებიც და ჩვენი მიზნებიც გაიზარდა. ამ ეტაპზე ლაპარაკი გვაქვს მულტიფუნქციურ ჰოსპიტალზე, რომელიც არაა გათვლილი მაღალ ან დაბალ სეგმენტზე - ყველას აქვს უფლება მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება“.

ჩაკითხვაზე - იქნება თუ არა კლინიკა საყოველთაო დაზღვევის სისტემაში ჩართვას, პავლე მაღრაძე ასე პასუხობს: „ჩვენი მიზანია, რომ მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო მომსახურების მიუხედავად ის ხელმისაწვდომი იყოს ყველა სეგმენტისათვის და არა მხოლოდ კონკრეტული მომხმარებლისათვის. საყოველთაო დაზღვევაში ჩართვის საკითხი ამჟამად გადაწყვეტის პროცესშია“, - აცხადებს „აიემდის“ დამფუძნებელი და აღნიშნავს, რომ დღეისთვის პროექტს 8 პარტნიორი ჰყავს, რომლებთან თანამშრომლობაც ხელშეკრულების გათვალისწინებით გრძელდება: „ქვეკონტრაქტორ კომპანიებთან თანამშრომლობა გრძელდება უკვე დადებული კონტრაქტების შესაბამისად. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით საერთაშორისო სამედიცინო მოლში ქვეკონტრაკტორი კომპანიები მიაწოდებენ ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებს, ხოლო სხვა დანარჩენი დეპარტამენტების ოპერირება მოხდება ჩვენი - უშუალოდ საერთაშორისო სამედიცინო მოლის გუნდის მიერ“.

პავლე მაღრაძე ამბობს, რომ ქეთევან ხიშტოვანმა დამსაქმებლის ნდობა არ გაამართლა და მის მიერ საკუთარი კომპანიის დაფუძნებასა და პროექტის შესახებ არსებული ინფორმაციის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისთვის „აიემდის“ მოკვლევა აქვს დაწყებული.

„ფაქტია, რომ ქეთევანმა დააფუძნა იგივე სახელწოდების კომპანია, და გვაქვს უკვე რამდენიმე მტკიცებულება, რომ ამ ინფორმაციების გამოყენებას იგი თავის სასარგებლოდ, პირადი მიზნებისთვის გეგმავდა. ჩვენ თავად მოკვლევის პროცესში ვართ, აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოკვლევის დასრულების შემდგომ.

ქეთევანმა კომპანიის ნდობა სამწუხაროდ არ გაამართლა. პროფესიული თვალსაზრისით მან უამრავი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად უამრავი შეცდომა დაუშვა. მეორეს მხრივ, მან ნდობით ბოროტად ისარგებლა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა არსებული რესურსები“, - აცხადებს პავლე მაღრაძე და აქვე ამბობს, რომ „ჩვენთვის ჯერჯერობით არ არის ცნობილი და ზოგადად გაუგებარია - რა მიზეზით შეიძლება გვედავოს ქეთევანი. ჩვენ კი ამ ეტაპზე, როგორც აღვნიშნეთ მოკვლევის ეტაპზე ვართ და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას“.

რას მოიცავდა სამედიცინო მოლის ₾25-მილიონიანი პროექტი, რომლის ხელმძღვანელმა, ქეთევან ხიშტოვანმა პოზიცია დატოვა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები