საქართველოში პირველი სამედიცინო მოლის პროექტის ხელმძღვანელმა და იდეის ავტორმა ქეთევან ხიშტოვანმა პროექტი დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
ქეთევან ხიშტოვანი წერს, რომ სამედიცინო მოლის დამფუძნებელს გაემიჯნა და მისი და პარტნიორების უფლებების დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.
„ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო და პარტნიორებო, როგორც იცით, 4 წელზე მეტია, ვიკავებ სამედიცინო მოლის ხელმძღვანელის პოზიციას, სადაც ჩემი გუნდის დიდი თავდადებისა და ჩემი პარტნიორების ერთგულების დამსახურებით ვქმნიდით საქართველოში პირველ სამედიცინო მოლს.
სამწუხაროდ, სწორედ მაშინ, როცა პროექტი დასკვნით ეტაპზე გადავიდა, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, პროექტის კონცეფცია რადიკალურად შეიცვალა. კომპანიაში დამფუძნებლის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა სრულიად ჩამოშალა ის მისია, ღირებულებები და სტრატეგია, რისი შენებაც დავიწყე და რის გამოც უმსხვილესი სამედიცინო კლინიკები და ბრენდები გამომყვნენ ამ გზაზე.
მე სრულიად ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას, ჩემი გუნდისა და პარტნიორების წინაშე. სწორედ ამიტომ, ვემიჯნები სამედიცინო მოლის დამფუძნებელს და ვტოვებ ჩემს პოზიციას.
აქვე გაცნობებთ, რომ უკვე დაწყებულია სამართლებრივი პროცესი წლების განმავლობაში ნაშენები პროექტის განადგურებით, ჩემი და ჩემი პარტნიორების დარღვეული უფლებების აღსადგენად“, - წერს ქეთევან ხიშტოვანი.
რას მოიცავს „სამედიცინო მოლი“, რამდენი პარტნიორი ჰყავდა პროექტს და რატომ შეცვალა პროექტის ინვესტორმა კონცეფცია - ამ კითხვებით BM.GE-მ ქეთევან ხიშტოვანს მიმართა.
პროექტის ავტორი გვიყვება, რომ რეგიონში პირველი სამედიცინო მოლის შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა და მისი განხორციელება 2019 წელს კომპანია „აიემდიმ“ დაიწყო. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 25 მლნ ლარი იყო და ის რამდენიმეჯერ გადადების შემდეგ მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა გახსნილიყო.
მეწარმეთა რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია „აიემდი“ 2017 წელს დაფუძნდა და ის „მასა ჰოლდინგის“ შვილობილია, რომელსაც პავლე მაღრაძე მართავს.
„სამედიცინო მოლის კონცეფცია მოიაზრებდა იმას, რომ სხვადასხვა ბრენდული კლინიკა აქ უნდა ყოფილიყო განთავსებული. კონცეფცია ითვალისწინებდა იმას, რომ მოლში მაღალი კლასის მომსახურება - Wallet Parking-სერვისი, კონსიერჟ მომსახურება, პერსონალური ასისტენტები. კლინიკის გახსნა თავდაპირველად 2021 წელს, შემდეგ 2022 წელს, შემდეგ 2023 წელს იგეგმებოდა, თუმცა ახლა ბოლოს 2024 წლის სექტემბერში უნდა გახსნილიყო, თუმცა გარკვეული სირთულეები შეექმნა დამფუძნებელს.
დამფუძნებელთან მქონდა შემდეგი შეთანხმება - იქიდან გამომდინარე, რომ მას სამედიცინო სფეროში არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა, მე ბრენდირების ნაწილში ამეწყო ბიზნესმოდელი, ჩემი სამედიცინო გამოცდილებიდან გამომდინარე, მას კი ინჟინერიაში არსებული ცოდნა მშენებლობისას გამოეყენებინა. პროექტის გახსნის ეტაპზე რომ მივედით და გუნდი შეიკრა, კონცეფცია შეცვალა და გადაწყვიტა, რომ კლინიკა საყოველთაო დაზღვევაში ჩაერთო, რაც სამედიცინო მოლის კონცეფციას არ ესადაგება. ჩემი პარტნიორები და ბანკი პროექტში სწორედ კონცეფციის გამო გამომყვნენ. ახლა კი პარტნიორები, რომლებიც მოლში თავისი წარმომადგენლობების გახსნას გეგმავდნენ, ამ პროექტიდან ავტომატურად ამოვარდნენ. აქვე გეტყვით, რომ პროექტს 15 პარტნიორი ჰყავდა. მაგალითად „შუხვან ვაინსი“ თავისი სპა-ცენტრით უნდა შემოსულიყო და თავის სივრცეში რეანიმაცია გააკეთა, ასევე ხელშეკრულებით ეს სივრცე მისია“, - განმარტავს ქეთევან ხიშტოვანი.
კითხვაზე - რატომ გადაწყვიტა კომპანიის ხელმძღვანელმა კონცეფციის შეცვლა პროექტის ავტორს ზუსტი პასუხი არ აქვს. „არსებული კონცეფციით მოლი მაღალ სეგმენტზე იქნებოდა გათვლილი და იქ მოსულ მომხმარებელს გამაჯანსაღებელი მომსახურების მიღება შეეძლებოდა. ცვლილების შემდეგ კი აქცენტი ტრავმატოლოგიაზე და სხვა მიმართულებებზე კეთდება და ესეც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მოხდება. ალბათ კომპანიის დამფუძნებელს მასობრიობაზეა აქვს გათვლა.
ის, რომ მოსული პაციენტი პერსონალური ლიფტით, რეგისტრაციის გარეშე ავიდოდა მისთვის საჭირო ოთახში და მიიღებდა მომსახურებას, საყოველთაო დაზღვევაში ჩართვის შემთხვევაში ეს ყველაფერი ირღვევა და კარგად გარემონტებული რესპუბლიკურის დონეზე დავდივართ. კლინიკა 40 საწოლზეა გათვლილი“, - აღნიშნავს პროექტის ავტორი.
ქეთევან ხიშტოვანმა „აიემდის“ დამფუძნებლის წინააღმდეგ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სარჩელი საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანა და საკუთარი და პარტნიორი კომპანიების უფლებების დაცვას სამართლებრივი გზით გეგმავს.
BMG საკითხის გასარკვევად პროექტის შემსრულებელ კომპანიასთან დაკავშირებას შეეცდება.