მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონცერტისას სასტუმროები გაივსო, თუმცა, თარიღი წინასწარ რომ გვცოდნოდა, უფრო ძვირად გავყიდდით ნომრებს - ალავერდაშვილი

კანიე უესტი

სასტუმრო სექტორი კვლავ სახელმწიფო ღონისძიებებისა და კონცერტების წინასწარი კალენდრის არარსებობაზე ჩივის. როგორც BMG-სთან „სასტუმროების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, იმის გამო, რომ თარიღები გვიან ხდება ცნობილი, სასტუმროები ვერ ახერხებენ ფასების ოპტიმიზაციას.

მსგავსი ვითარება შეიქმნა კანიე უესტის კონცერტის დროსაც - როდესაც შოუს შესახებ ინფორმაცია გახდა ცნობილი, სასტუმროებს ნომრების დიდი ნაწილი საკონცერტო პერიოდისთვის უკვე იაფად ჰქონდათ გაქირავებული. თუმცა, კონცერტის პერიოდში, მაღალი მოთხოვნის გამო, გარკვეული დეფიციტიც შეიქმნა.

„კონცერტებს დიდი ეფექტი ჰქონდა - თბილისის სასტუმროები გაივსო, თუმცა, რადგან თარიღები წინასწარ არ ვიცოდით, ნომრები დაბალ ფასებში გაიყიდა. კალენდარი რომ გვქონოდა, უფრო ძვირად გავყიდდით. პრობლემაა ისიც, რომ „თბილისობის“ თარიღიც კი ხშირად, ბოლო მომენტში იცვლება, რაც რეკლამირებასა და გაყიდვებში ხელს გვიშლის.

ის თანხა, მაგალითად, რაც კონცერტებზე იხარჯება, რაღაც ნაწილი ნამდვილად ჩვენი სექტორიდან უკან ბრუნდება გადასახადების სახით, რომელსაც იმ პერიოდში ვიხდით - მაღალი ტარიფით“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი BMG-სთან.

ამასთან, „სასტუმროების ფედერაციის“ დამფუძნებელი მიმდინარე ტურისტულ სეზონსაც აფასებს. მისი თქმით, მიუხედავად რეგიონში არსებული საომარი მდგომარეობისა და გამოწვევებისა, სექტორი შარშანდელთან შედარებით 10%-იან ზრდას აჩვენებს.

ალავერდაშვილის განმარტებით, წელს მკვეთრად შეიცვალა ტურისტების გეოგრაფია - შემცირებულია ნაკადები სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ინდოეთიდან, დანაკლისი კი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა ჩაანაცვლა.

„განსაკუთრებით მომატებულია სტუმრების რაოდენობა რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან. ამ მიმართულებით თითქმის 70-80%-იანი ზრდა გვაქვს შარშანდელთან შედარებით. ჯამურად, სექტორი დაახლოებით 10%-ით წინ არის,“ - აღნიშნავს ალავერდაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები