მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოპენჰაგენი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქად დასახელდა

61487dcd8b305
თათია კაკიაშვილი
20.09.21 22:20
2673
SCI-ის მიერ კოპენჰაგენი 2021 წლის მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქად დასახელდა. ინფორმაციას "სიენენი" ავრცელებს. კვლევითი კომპანია SCI ყოველწლიურად 60 საერთაშორისო მიმართულებას შორის ავლენს ციფრული, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, პირადი და გარემოს დაცვის მიმართულებით უსაფრთხოების დონეებს.

გამოცემის ცნობით, როგორც წესი, ამ მხრივ, ყოველწლიურად წამყვან პოზიციებს აზიური ქალაქები - ტოკიო, სინგაპური და ოსაკა იკავებენ, თუმცა 2021 წლის რეიტინგში ცვლილებაა - წელს პირველად მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქალაქად კოპენჰაგენი დასახელდა, რომელმაც ყოველწლიურ ანგარიშში 100-დან 82.4 ქულის დაგროვება შეძლო. არადა, ჯერ კიდევ 2019 წელს დანიის დედაქალაქი რეიტინგში მერვე ადგილს იკავებდა. ქალაქში მთავარი პრობლემა მაშინ გარემოს დაცვის მიმართულებით არსებობდა.

კოპენჰაგენის მერის შეფასებით, ქალაქის რეიტინგში დაწინაურების მთავარი მიზეზი კრიმინალის დაბალი მაჩვენებელია, რომელიც კოპენჰაგენისთვის წელს ათწლეულის განმავლობაში ისტორიულ მინიმუმზეა. 

მსოფლიოს უსაფრთხო ქალაქების რეიტინგში, კოპენჰაგენს ტორონტო მოჰყვება, 82.2 ქულით, მესამე ადგილს კი სინგაპური იკავებს - 80.7 ქულით. შემდეგია სიდნეი - 80.1 და ტოკიო - 80 ქულით. ცხადია, რეიტინგს მიღმა პანდემიური გამოწვევებით სავსე ქალაქებში მთავარი საზრუნავი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა. ამ მიმართულებით კი გარემოსდაცვითი უსაფრთხოების გაძლიერება ტორონტოს და კოპენჰაგენის მთავარი სამიზნე აღმოჩნდა, რის გამოც ორივე ქალაქს რეიტინგის სათავეში ვხვდებით.

გასაკვირი არაა, რომ რეიტინგის შედგენისას, COVID 19 უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო - 21-ე საუკუნის ყველაზე რთული ვირუსის მართვა და ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლების მინიმუმამდე შემცირება, როგორც ჩანს, ყველაზე უკეთ კოპენჰაგენმა მოახერხა. კვლევით კომპანია SCI-ში განმარტავენ, რომ წლების განმავლობაში უსაფრთხოების დაცვის მხრივ, ქალაქების მთავარი საზრუნავი ბუნებრივი კატასტროფები - წყალდიდობები, მეწყრები და ზვავები იყო, მაშინ ვერავინ იფიქრებდა, თუ თანამედროვე სამყაროში რაიმე დაავადება გლობალური ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლას გამოიწვევდა.

რაც შეეხება თავად მსოფლიოს უსაფრთხო ქალაქების რეიტინგს, ის 2015 წლიდან ყოველწლიურად დგება. ტრადიციულად, ტოპ ათეულში შემავალ ქალაქებს შორის წამყვან ადგილებზე გვხვდება ამსტერდამი, მელბურნი, ტოკიო, ტორონტო, სინგაპური, სიდნეი და კოპენჰაგენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები