საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის პირდაპირი ჩარტერული რეისების შესრულებას Korean Air დღეს იწყებს.
ფრენები ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე შესრულდება კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის.
"ავიაკომპანია Korean Air-ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები ინჩეონსა და თბილისს შორის შესრულდება 22 მაისს, 5 და 20 ივნისს", - წერია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ Korean Air-მა საქართველოს მიმართულებით არარეგულარული რეისები 2018 და 2019 წლებშიც შეასრულა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, კორეულ ავიაკომპანიას საქართველოს მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 2024 წლის 2 მაისს მიანიჭა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილია 13 600 ავიარეისის შესრულება.