მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორეასა და საქართველოს შორის ციფრული თანამშრომბლობა ახლა იწყება - კორეის ელჩი საქართველოში

ჰიონ დუ კიმ

„კორეასა და საქართველოს შორის ციფრული თანამშრომლობა ახლა იწყება“, - განაცხადა საქართველოში კორეის რესპუბლიკის ელჩმა ჰიონ დუ კიმმა, გასულ კვირას ჩატარებულ საქართველო-კორეის ეკონომიკურ კოოპერაციას მიძღვნილ ფორუმზე საუბრისას. მან ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ციფრული მმართველობის, ხელოვნური ინტელექტისა (AI) და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

„მოდით, ერთმანეთს გავუზიაროთ, ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და, რაც მთავარია, რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად“, - აღნიშნა დიპლომატმა.

საჯარო სექტორში თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სექტემბერში სამხრეთ კორეას ეწვია, სადაც მხარეებმა ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი (MOU) გააფორმეს.

ამ ინიციატივის გაგრძელების მიზნით, მიმდინარე თვის დასაწყისში კორეასა და საქართველოს თანამონაწილეობით ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის საკითხებს მიძღვნილი ფორუმი ჩატარდა. ამასთან, იგეგმება მხარეებს შორის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის ამოქმედება, ორი მთავრობის ერთობლივი სამწლიანი პროექტი, რომლის ბიუჯეტი 1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ცენტრის მიზანია, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ციფრული მმართველობის განვითარება და საჯარო სერვისების სფეროში ინოვაციების ხელშეწყობა.

სამთავრობო სექტორში თანამშრომლობის გარდა, საქართველო და სამხრეთ კორეა ცენტრალურ ბანკებს შორის ურთიერთობებსაც აძლიერებენ. ამ მიზნით ხორციელდება ცოდნის პარტნიორობის პროგრამა (Knowledge Partnership Program — KPP), რომელიც გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლას ემსახურება.

გასულ წელს ჩატარებული ფორუმი საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების ხელშეწყობას დაეთმო, ხოლო წელს მისი მთავარი თემები ღია ბანკინგი და ღია ფინანსები გახდა. ელჩის თქმით ფორუმის მიზანია "ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაფართოება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებში”.

„მოდით, ვისწავლოთ ერთმანეთისგან, გავიზიაროთ ჩვენი მიღწევები და გამოცდილება. ასევე გამოვავლინოთ ის სფეროები, სადაც ერთმანეთის მხარდაჭერა და შესაძლებლობების შევსება შეგვიძლია“, - თქვა ელჩმა.

დასასრულს, ჰიონ დუ კიმმა ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი პარტნიორობისა და მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„უპირველეს ყოვლისა, მოდით, დავიწყოთ ისეთი პარტნიორობისა და მეგობრობის ჩამოყალიბება, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის სასარგებლო და გამამდიდრებელი იქნება. თუ ამას შევძლებთ, ვფიქრობ, ბევრს მივაღწევთ“, - განაცხადა კორეის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები