18-19 აპრილს, კორეის დედაქალაქ სეულში საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე იყო.
სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უახლოეს პერიოდში, თბილისში გაიმართება და მხარეების მიზანია, შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარე წელს დაასრულონ.
გენადი არველაძის განცხადებით, კორეიდან ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს.
„საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმება, შექმნის ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის მყარ სამართლებრივ საფუძველს, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.
კორეის რესპუბლიკა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანაა, რომელთანაც ინვესტიციების მოზიდვის მხრივ უდიდესი პოტენციალი არსებობს. საქართველოსა და კორეას შორის საინვესტიციო შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი, აგრეთვე მკაფიო გზავნილი და დამატებითი სტიმულია კორეელი ინვესტორებისათვის სამომავლოდ ინვესტიციების განსახორციელებლად ქვეყნის შერჩევისა და კორეიდან საქართველოში ინვესტიციების წახალისებისთვის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან პირველი ინვესტიცია 1997 წელს განხორციელდა, ხოლო 2023 წლის ჩათვლით, ინვესტიციების საერთო მოცულობამ 212.84 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბოლო წლების განმავლობაში კორეიდან ძირითად საინვესტიციო სექტორს ენერგეტიკა წარმოადგენდა.
"საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ" შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი ოფიციალური რაუნდი 2021 წლის 24-25 ივნისს გაიმართა.