"ოცნების" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი ამბობს, რომ კორეის რესპუბლიკასთან ფრენების დაწყება არა მხოლოდ ტურისტული ინიციატივა, არამედ ეკონომიკური, საინვესტიციო და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების პრაქტიკული შედეგია.
დღეს გახდა ცნობილი, რომ კორეის რესპუბლიკის წამყვანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „T’way Air“-ი სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი ჩარტერული ფრენების განხორციელებას 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით გეგმავს.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში მგზავრთა რაოდენობა ფაქტობრივად გაორმაგდა, ხოლო 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 19%-ით გაიზარდა, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი სტაბილურად იზრდება.
მისივე განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელმოწერას ელოდება და საინვესტიციო შეთანხმება დასრულების ეტაპზეა. პირდაპირი საჰაერო კავშირი ქმნის მყარ საფუძველს, რომ ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს,“ - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, დანიშნულ ავიაკომპანიებს ორივე ქვეყნიდან უფლება აქვთ არა მხოლოდ ჩარტერული, არამედ რეგულარული ფრენებიც განახორციელონ. ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია „T’way Air“-ს უკვე მიანიჭა.




























