მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კორონავირუსის ფაქტორი ლარზეც იმოქმედებს" - ბიზნესანალიტიკოსი

5e56792b07305
ინგა მურუსიძე
27.02.20 22:15
1237
კორონავირუსის ფაქტორი ლარზეც იმოქმედებს და ყველა იმ ქვეყნის ეკონომიკაზეც, სადაც დოლარიზაციის მაჩვენებელიც მაღალია, - ამის შესახებ bm.ge-ს ბიზნესანალიტიკოსმა, გია ჩქოფოიამ განუცხადა.

„ლარის კურსი საკმაოდ სიტუაციური რამ არის. ის იწოვს ყველა ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესს ქვეყანაში და ამაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოლოდინები. გაცვლით კურსს შეიძლება ჰქონდეს როგორც ფუნდამენტური კომპონენტი, ასევე ფსიქოლოგიური. თუმცა, ფუნდამენტურიც რომ იყო მიზეზი, მერე მას მოყვება ხოლმე დომინოს ეფექტი. იმ დღეს მაგალითად ჩემი ნაცნობი მეუბნებოდა, რომ დანაზოგის სახით აქვს დოლარის მასა და ფიქრობდა, ხომ არ გადაახურდავოს, რადგან ფასი მოდის დაბლა. როგორც წესი, ესეც ეწევა ფუნდამენტურ ფაქტორებს. რაც შეეხება თავად მიზეზებს. მიზეზი ერთის მხრივ ნამდვილად უკავშირდება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგებს, ასევე იანვრის თვეში შემცირდა ლარის მასა ეკონომიკაში და ამან დადებითი გავლენა იქონია ლარის გამყარებაზე. გარდა ამისა, ფუნდამენტურ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია იმპორტის შემცირება. ზოგადად, იანვარში იმპორტი მცირდება ქვეყანაში, ასე იყო გასულ წელსაც და ყველა ფაქტორს დაერთო გარე შოკი, რაც კორონავირუსით არის გამოწვეული“, - განაცხადა ჩქოფოიამ.

მისივე შეფასებით, ჩინეთთან ვაჭრობის შემცირება უკვე ასახულია ეკონომიკაში და ეს ასახვა კიდევ გაგრძელდება. ჩქოფოიას თქმით, თუ ინფლაციას გარკვეული პერიოდი სჭირდება რეაქციისთვის, ლარის კურსის მაჩვენებელი სიტუაციურია და შესაძლოა, დღეს მომხდარი მოვლენა კურსზე ხვალვე აისახოს.

„წმინდა ეკონომიკურად თუ შევხედავთ და პოლიტიკურ კომპონენტს გამოვაცლით, ძალიან სპეკულაციურია იმის თქმა, რომ გამყარდება. ნამდვილად ასეა, რადგან პირველ კვარტალში გვიწევს ვალის გადახდა, როგორც სამთავრობო ნაწილში, ასევე ბანკებსაც აქვთ ბევრი დავალიანება. ეს თანხა გადის ქვეყნიდან და რა თქმა უნდა მომდევნო ერთი თვეც მამინუსებელი ფაქტორები, რომელიც ლარს გაუფასურებისკენ ექაჩებიან, აუცილებლად ამოქმედდება პირველ კვარტალში. ასევე არავინ იცის რა მოხდება მოლოდინების ნაწილში კორონავირუსთან მიმართებაში. ეს არის გარე შოკი, რაც ლარზეც იმოქმედებს და ყველა იმ ქვეყნის ეკონომიკაზეც, სადაც დოლარიზაციის მაჩვენებელიც მაღალია. სწორედ ესენი იქნება ნეგატიური ფაქტორები“, - განაცხადა ჩქოფოიამ.

ფინანსისტი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი მკაცრ პოლიტიკას შეიანრჩუნებს და სავარაუდოდ, ასე შეუძლია შეინარჩუნონ ლარის კურსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები