მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო Disney-ის მოგება $1.4 მილიარდით შეუმცირდა

5eb29b554ce1c
ნათია თაქთაქიშვილი
06.05.20 16:02
807
Walt Disney Co. აცხადებს, რომ  კორონავირუსის გამო, კომპანიას მოგება 1.4 მილიარდი აშშ დოლარით შეუმცირდა, რაც ძირითადად, მათი თემატური პარკების დახურვით არის გამოწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მუშაობას ნაკლები დატვირთვით მხოლოდ შანხაის პარკი ანახლებს ამ ეტაპზე, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ უცნობია, როდის შეუდგება საქმიანობას დანარჩენი პარკები აზიის ქვეყნებში, აშშ-სა და საფრანგეთში.

Disney-მ განაცხადა, რომ კომპანია არ გადაიხდის დივიდენდს ფისკალური წლის პირველი ნახევრისთვის, რაც მას 1.6 მილიარდი დოლარის შენარჩუნებაში დაეხმარება.

როგორც ბობ ჩაპეკი, Disney-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ჩინეთის მთავრობამ პარკის გახსნის შემდეგი პირობები წაუყენა მათ კომპანიას, რომ პარკის დატვირთვა არ უნდა აჭარბებდეს 30%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ დაახლოებით, 24,000 ადამიანის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, მაგრამ როგორც Disney-ის მენეჯმენტი აცხადებს, თავად კომპანია კიდევ უფრო ამცირებს ვიზიტორთა რაოდენობას გახსნიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში და ასევე, პარკის სტუმრებს უსაფრთხოების ნორმების უპრცედენტო ნორმებს შესთავაზებს. 

„ამ ეტაპზე, მიჭირს ვთქვა, როდის განაახლებს ფუნქციონირებას ყველა ჩვენი თემატური პარკი. ჩვენ ვმუშაობთ პარკების გახსნის სხვადასხვა ვერსიებზე, რათა უზრუნველვყოთ ფრთხილი და გონივრული განახლება“, - განაცხადა ჩაპეკმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები