მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კორონავირუსის მეხუთე ტალღამ თავისი პიკი გადაიარა... თუმცა ეს კვირა გადამწყვეტია“

61d3faece4ff6
ვიქტორია მღებრიშვილი
04.01.22 11:43
564
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელისა და იაშვილის საავადმყოფოს სამედიცინო დოქტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა დასასრულისკენ მიდის, თუმცა ქვეყანაში კორონავირუსის „ომიკრონის“ ვარიანტის მოსალოდნელი მატების გამო მიმდინარე კვირა განმსაზღვრელი იქნება. ამის შესახებ მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიმოხილვისას განუცხადა.

„ბოლო რამდენიმე კვირის მონაცემის დეტალური ანალიზით - ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა, შემთხვევების დადებითობის მაჩვენებელი და თავისუფალი საწოლების რაოდენობა არსებობა ქვეყანაში - ამ პარამეტრებით, ბოლო რამდენიმე კვირაა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება.
პირველად სექტემბრის შემდეგ კოვიდ-ინფიცირების ერთი კვირის საშუალო მაჩვენებელი 2 000-ის ქვემოთ იყო, ასევე შაბათ-კვირას დღიურად ინფიცირების 1 000-ზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ძალიან მნიშნელოვანია. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის მეხუთე ტალღამ თავისი პიკი გადაიარა და ახლა მეხუთე ტალღის ჩამთავრების სტადიაში ვართ. ყველა ეს მონაცემი საქართველოს პანდემიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ტალღის დასასრულზე მითითებს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მიუხედავად ამისა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სწორედ მიმდინარე კვირის შემდეგ საქართველოში „ომიკრონის“ ვარიანტის გავრცელების გამო ინფიცირების მკვეთრ მატებას ელიან, რაც შესაძლოა საქართველოში მეხუთე ტალღის პერიოდში დღიურად გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებზე მეტი შეიძლება იყოს.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, სამშაბათს სხვა დღეებთან შედარებით, შემთხვევების მატების მხრივ მნიშნელოვანი განსხვავება გვაქვს, თუ დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელი წინა სამშაბათზე ნაკლები იქნება, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ გრძელდება პანდემიის მეხუთე ტალღის ჩამთავრების პერიოდი, მაგრამ თუ დღეს უფრო მეტი იქნება ვიდრე წინა სამშაბათს, უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ეს „ომიკრონის“ ზემოქმედებაა და ქვეყანაში შემთხვევების მატება განპირობებულია არა „დელტა“ ვარიანტით, არამედ „ომიკრონით“. ეს კვირა ამ მხრივ გადამწყვეტია. საქართველოში ომიკრონის შემთხვევა 20 დეკემბერს დაფიქსირდა, ყველა ის მონაცემი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან გვაქვს, მიუთითებს, რომ „ომიკრონის“ დაფიქსირებიდან 2-4 კვირაში ახალი შემთხვევების რიცხვი პიკს აღწევს და აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ საქართველოში იანვრის შუა რიცხვებში „ომიკრონის“ შემთხვევების მაქსიმუმი უნდა იყოს. სავარაუდოდ, ეს შემთხვევები რაოდენობრივად გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე პანდემიის განმავლობაში გვქონია ( ყველაზე მაღალი რიცხვი - 6 208 ინფიცირებული). ეს კვირა ორმხრივაა მნიშვნელოვანია - ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ პანდემიის მეხუთე ტალღა აგრძელებს ჩამთავრების სტადიას და მრუდი ქვემოთ წამოვა, ან ამ კვირის განმავლობაში დაგვიფიქსირდება შემთხვევების მატება, რომლის უკან ნამდვილად არ იქნება კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი. ეს „ომიკრონით“ იქნება გამოწვეული“, - განმარტა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 3 590 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ერთი კვირის წინ - სამშაბათს, 28 დეკემბერს ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 2 676 იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები