მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კორუფციის რისკები უკავშირდება ექსპერტიზის კომპანიებს, რომლებიც ექსპლუატაციაში შესვლის ნებართვას გასცემენ"

64390f451b0dc
სალომე ხიდურელი
14.04.23 18:05
668
ბათუმში 300-ზე მეტ ობიექტს, რომელიც 2022 წლის 26 სექტემბრამდე სამშენებლო წესების დარღვევით არის აშენებული, შესაძლოა, ამნისტია შეეხოს. ამას პარლამენტის სამი დეპუტატის მიერ სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ინიცირებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც იმ ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას გულისხმობს, სადაც სამშენებლო საქმიანობა შესაბამისი წესების დაცვის გარეშეა განხორციელებული.

დედაქალაქში სამშენებლო ამნისტია 2021 წლის 28 ივლისს ამოქმედდა. საკითხზე, თუ რა შედეგები მოიტანა თბილისში მსგავსი კანონპროექტის ამოქმედებამ, BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ "ურბანული განვითარების ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ანა ბიბილაშვილი საუბრობს.

„შარშან, როდესაც თბილისში ხორციელდებოდა ეს პროექტი, და დღესაც, ის არგუმენტი გვაქვს, რომ თუ ჩვენ ექსპლუატაციაში მივიღებთ ასეთ შენობებს, ანუ კომპანიებს ვაპატიებთ დარღვევებს, ამით მომავალში კიდევ უფრო მეტ დარღვევას მივიღებთ.

თბილისში ეს მოხდა, კანონპროექტს არაფერი შეუჩერებია: არავითარი კანონდარღვევა, კოეფიციენტზე გადაცდენა.. ამნისტია როცა გაიცემა ხოლმე, ამის პარალელურად კანონის გამკაცრებაც ხდება, რომ ეს დარღვევები აღარ განმეორდეს, თორემ თუ ისევ აპატიე, აუცილებლად დადგება იმის აუცილებლობა, რომ რამდენიმე წელიწადში ვიღაცებს რაღაცეები კვლავ ვაპატიოთ“, - ამბობს ანა ბიბილაშვილი.

ამას გარდა, „ურბანული განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებულ კორუფციის რისკებსაც ეხება და აღნიშნავს, რომ ამის პირდაპირი მაგალითი ის საექსპერტიზო ბიუროებია, რომელთა დოკუმენტაციასაც სახელმწიფო აღიარებს.

„რაც შეეხება კორუფციის რისკებს, ძირითადად ეს შეეხება კომპანიებს, რომლებიც ექსპერტიზას უტარებენ ასეთ შენობებს, რომლებიც ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს და ამისთვის დოკუმენტაციას ამზადებენ.

არსებობს კონკრეტული სია, რომლის გარეთაც, სხვა ბიუროს არ შეგიძლია შეუკვეთო ექსპერტიზა და დოკუმენტაცია. საუბარია 50-100 000-ლარამდე თანხაზე, რაც ამ დოკუმენტაციის მომზადებას სჭირდება და როდესაც სიას გთავაზობენ, რომ მხოლოდ ამ კომპანიებს შეგიძლია მიმართო, სხვა კომპანიების დოკუმენტაციას არ ჩავიბარებთო, ეს პირდაპირი მაგალითია კორუფციის რისკის“, - აღნიშნავს ანა ბიბილაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები