მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დარღვევები ეპატიებათ ბათუმში დეველოპერებს სამშენებლო ამნისტიის ამოქმედების შემთხვევაში?

643cdfd4610a8
სალომე ხიდურელი
17.04.23 09:57
1347
საქართველოს პარლამენტი ბათუმში სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობას იწყებს. საუბარია 300-მდე შენობაზე, რომელიც 2022 წლის 26 სექტემბრამდე სამშენებლო წესების დარღვევით არის აშენებული. ამ შენობებში დარღვეულია როგორც განაშენიანების რეგულირების პარამეტრები, ასევე შენობა-ნაგებობის ექსტერიერ-ინტერიერი და მიჯნის ზონები. ცვლილებები დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დეპუტატმა რესან კონცელიძემ წარადგინა.

BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ ურბანული განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანა ბიბილაშვილი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბათუმში ნებისმიერი დარღვევა, შესაძლოა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს.

„ქალაქში ნებისმიერი დარღვევა არის სასიცოცხლოდ კრიტიკული. როდესაც ბატონი რესანი ახსენებს მიჯნის ზონის დარღვევას, ისე ჟღერს, თითქოს არა უშავს. ამ დროს ეს არის შემთხვევა, როდესაც ერთი კორპუსი მთლიანად ეფარება მეორის ფანჯარას და ადამიანის საცხოვრებელში მზის სხივიც არ შედის. ქალაქისთვის ეს ძალიან მძიმეა.

როდესაც სართულის დაშენებაზე ვსაუბრობთ, მით უმეტეს ბათუმის შემთხვევაში, სადაც ეს მწვავე პრობლემაა (თბილისში, შესაძლოა 1 ან 2 სართული იყო დაშენებული კანონის დარღვევით). ბათუმში შესაძლოა, ნებართვა 3-სართულიან კორპუსზე იყოს გაცემული და აშენდეს 15 სართული. ასეთ შემთხვევაში განაშენიანება კარგავს ერთგვაროვნობას და ქალაქის იერსახე ნადგურდება“, - ამბობს ანი ბიბილაშვილი.

ბიბილაშვილი სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას იმასაც აღნიშნავს, რომ არ არსებობს რეალური სტატისტიკა, თუ რა მასშტაბის დარღვევებზეა საუბარი: „უნდა არსებობდეს ჩაშლილად სია, სადაც ეწერება, რა დარღვევებზეა საუბარი, რამდენი სართული, რამდენი კვადრატული მეტრი მოემატა ქალაქს უკანონოდ“.

წამყვანის შეკითხვაზე, რა კომპრომისს სთავაზობს ურბანული განვითარების ინსტიტუტი კანონპროექტის ინიციატორებს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ გამოსავალი იურიდული პირებისა და კომპანიების პასუხისგებაში მიცემაშია.

„ერთ-ერთი (თუმცა არა ერთადერთი) კომპრომისი ისაა, რომ ჩვენ ადამიანების სოციალურ მდგომარეობას ვითვალისწინებთ. მათ შეიძინეს ბინები მათი ექსპლუატაციაში შესვლის ვადამდე და კომპანიის მხრიდან კანონდარღვევა მოსახლეობის პასუხისმგებლობა ვერ იქნება.

ამიტომ გავმიჯნოთ ეს შემთხვევები. ის შენობები, რომლებშიც უკვე არიან შესახლებული ადამიანები, მაგრამ დეველოპერულ კომპანიას არ გააჩნია არც ქონება, არც მისი პასუხისმგებელი პირი იძებნება, მივიღოთ ექსპლუატაციაში. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი ან კომპანია კვლავ არსებობს, მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, ჯარიმაც და მდგომარეობის გამოსწორების ვალდებულებაც“, - აცხადებს ანა ბიბილაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები