ზანზიბარში მდებარე 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო Seashore Villa, რომელიც ბაზარზე უკვე მეოთხე წელია ოპერირებს და ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართველი მფლობელის, თიკო ჭუბაბრიას მართვის ქვეშ იმყოფება, გაფართოვდა.
როგორც თიკო ჭუბაბრია BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, ზანზიბარის ტურისტული მიმართულება ბოლო პერიოდში უფრო აქტიური გახდა, როგორც საქართველოსთვის, ისე ზოგადად საერთაშორისო ბაზარზე. შესაბამისად, გაიზარდა სასტუმროს ტერიტორია და განახლდა ინფრასტრუქტურა - დაემატა ახალი, ეკო-მიმართულების ბუნგალოები, რომლებიც დღეს ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
„სასტუმროს განსხვავებული ტიპის ოთახები დავამატეთ. ასევე დაგვემატა ეკო-ბუნგალოები, რომლებიც დღესდღეობით ძალიან მოთხოვნადია. ჩვენთან ძირითადად ჩამოდიან ადამიანები, ვისაც სიწყნარე და მშვიდ გარემოში დასვენება ურჩევნია“, - აღნიშნავს იგი.
მისივე ინფორმაციით, სასტუმრო მთელი წლის განმავლობაში მუშაობს და სეზონურად არ იხურება. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში დატვირთვა უფრო მაღალია, ზამთარშიც წვიმიან სეზონზე ობიექტი სტუმრებს მაინც იღებს.
„შეიძლება ითქვას, რომ ოთხი სეზონი გვაქვს და ოთხივე სეზონზე ვმუშაობთ. ზამთარში ნაკლები დატვირთვაა, ვიდრე აგვისტოში ან დეკემბერ-იანვარში, თუმცა სტუმრები მუდმივად გვყავს. ქართველი ტურისტებიც ჩამოდიან, თუმცა ჩვენი ძირითადი სტუმრები ევროპის ქვეყნებიდან არიან - საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ასევე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდან. ვიზიტორები გვყავს აფრიკიდანაც. 2024 წელთან შედარებით, გასული წელი უფრო აქტიური იყო, რაც, ალბათ, ზანზიბარის მზარდ ცნობადობას უკავშირდება“, - განმარტავს იგი.
ბიზნესის წარმოებას კუნძულზე გარკვეული სირთულეებიც ახლავს. მმართველის თქმით, გამოწვევებს შორისაა კორუფციული რისკები, სუსტი კომუნიკაციები და ინფრასტრუქტურული პრობლემები.
"ხშირად არ არის წყალი, გაზი ან ელექტროენერგია, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ამ ყველაფერს ეტაპობრივად ეჩეხები. ამასთან, აქ ხალხის სამუშაო რიტმი უფრო ნელია და პასუხისმგებლობაც განსხვავებული", - ამბობს ჭუბაბრია.
ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იგი კადრების კვალიფიკაციას ასახელებს : „ზანზიბარში მაღალი კვალიფიკაციის კადრის პოვნა ძალიან რთულია. ამიტომ აგვყავს სტაჟიორები, ვატრენინგებთ და ვასწავლით. გაფართოებასთან ერთად საკადრო ფონდი გავზარდეთ. ამ ეტაპზე, 14-15 ადამიანი გვყავს დასაქმებული. შესაძლოა, 10 ოთახისთვის 15 თანამშრომელი ბევრი მოგეჩვენოთ, მაგრამ აქ ძალიან ნელი ტემპით მუშაობენ და ერთი ადამიანის ფუნქციას ხშირად სამი ასრულებს. თუ ევროპის ან საქართველოს შემთხვევაში 1 თანამშრომელია საჭირო, აქ 3 უნდა გყავდეს,“ - განმარტავს სასტუმროს მმართველი.
მისივე თქმით, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, რისკი და გამართლება ბიზნესის განუყოფელი ნაწილია, ხოლო ზანზიბარში ტურიზმის მზარდი ინტერესი სასტუმროს განვითარების პროცესს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.




























