კომპანია „კავკასუს როუდ ფროჯექტის“ მფლობელის და გენერალური დირექტორის პაატა ტრაპაიძის შეფასებით, საქართველოში კორუფციას უნდა დავუსვათ წერტილი.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი თემა ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ მუნიციპალური განვითარების ფონდში გამოვლენილ პრობლემებს, სადაც კორუფციის ფაქტებიც გამოიკვეთა.
- საქართველოშიც ყოფილა კორუფცია თუ სულაც ყვაოდა?
- კორუფცია ყველგან არის, ოღონდ დონე არის სხვადასხვა..
- სწორედაც რომ კორუფციის დონე ვიგულისხმე...
- საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაიგონ ერთი რამ - სახელმწიფოს ფული არის მათი ფული და როდესაც სახელმწიფოს ჰპარავენ, ჩვენ გვპარავენ… კორუფციაზე საშინელი ვირუსი არ არსებობს... კორუფციამ დაანგრია რომის იმპერია, კორუფციამ დაანგრია საბჭოთა კავშირი, ამიტომ ჭკვიანურად უნდა მივხედოთ კორუფციის თემას.
ბიზნესმენის შეფასებით, „კორუფცია თავისთავად არ არსებობს - კორუფციისთვის იქმნება პირობები“ და ამ პირობებს ქმნის მოძველებული მართვის მოდელები.
პაატა ტრაპაიძე დარწმუნებულია, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ მაშინ იქნება შედეგიანი, როცა ჩამოყალიბდება ჰორიზონტალური, გამჭვირვალე მმართველობის მოდელი, რაც დასავლეთის ქვეყნებშია.
„წერტილთან“ ინტერვიუში ბიზნესმენმა კონკრეტულ კორუფციულ ფაქტებსა და პრობლემურ პროექტებზე საუბარი არ ისურვა და თქვა, რომ „კორუფციის საკითხებში პასუხის გამცემად ვერ გამოდგება“.
„არ მაქვს სრული ინფორმაცია და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი [ამას]... მე ვიცი, მხოლოდ ჩვენი კომპანიის საქმეები და, დაახლოებით, ორ-სამ კომპანიაში რაც ხდება; დანარჩენი - მთლიანად ინფრასტრუქტურის სამინისტროში ხდება, მათ შორის მუნიციპალური განვითარების ფონდში, წყალმომარაგების კომპანიაში და გზების დეპარტამენტში და ა.შ. იქ რა ხდება, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, ამიტომ ვერ გეტყვით...", - თქვა მან.
წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე - როგორ მოქმედებს კორუფცია ბიზნესზე და მთლიანად, ქვეყანაზე, პაატა ტრაპაიძემ აღნიშნა, რომ მისი კომპანიის საქმიანობა 20 წელია გამჭვირვალეა და არასდროს არავისთან უკანონო გარიგებაში არ შესულა.
„მე ჩემი კომპანიის და ჩემი თანამშრომლების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ 20 წელიწადია ამ ბიზნესში ვართ და არცერთი კუთხით, არავისთან არავითარი გარიგება [არ მქონია] და არაერთხელ მითქვამს, რომ ეგრეთ წოდებული „სახურავი“ არ მყოლია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამაა - რაც შეიძლება სწრაფად, ხარისხიანად, მაგრამ ადეკვატურ ფასში შევასრულოთ ის დავალება, რომელსაც დამკვეთი გვაძლევს, რომელსაც ჩვენ ტენდერით ვიგებთ...“, - განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.
ცნობისთვის: 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დააკავეს უკვე ყოფილი ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია. თავად ირაკლი ქარსელაძის სახლი კი გაჩხრიკეს. გარდა ამისა, ამავე საქმის ფარგლებში უკვე დაკავებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ტაბიძე სამსახურებრივი გულგრილობისთვის - მას 300 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.




























