გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპერტამენტის კოორდინატორის განცხადებით, მისი საქართველოში ვიზიტის მიზანი კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობაა. ამის შესახებ რიჩარდ ნეფიუ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები კორუფციასთან ბრძოლისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებებით. რიჩარდ ნეფიუმ საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა გამოხატა.
მან საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპერტამენტის კოორდინატორის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეს მიმართულება მნიშვნელოვანია, რათა დემოკრატია მაქსიმალურად კარგად ფუნქციონირებდეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კი შეხვედრისას უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. მან, აგრეთვე, მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სათანადოდ ასახავს.
შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.




























