მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იძახის, რომ პრობლემები არსებობს, მაგრამ ხელი მაინც მოაწერა" - გიორგი აბაშიძე პრეზიდენტის მიერ ჯანდაცვის კანონში ცვლილების ხელმოწერაზე

64c62727e4465
ლიკა მეგუთნიშვილი
30.07.23 13:29
362
პარლამენტმა ჯანდაცვის კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო, რომელსაც ხელი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, კანონში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ კითხვებს ბადებს, თუმცა ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოეყენებინა ვეტოს უფლება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ჯანმრთელობის დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებები სექტორში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესაძლო რისკების შემცირებას და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას ემსახურება. მისივე განმარტებით, ორივე მიზანი მისასალმებელია და არა სადავო, თუმცა სექტორის კონტროლის გახშირება და გამკაცრება შეიძლება საქმიანობის შემაფერხებელი აღმოჩნდეს.

პრეზიდენტის ამ განცხადებას BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ საქართველოს ფარმაცევტული ასოციაციის ადვოკატი, გიორგი აბაშიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება მათთვის გაურკვეველია.

„ერთი მხრივ იძახის, რომ პრობლემები არსებობს და კანონში ამგვარი ცვლილებები საფრთხეს შეუქმნის ჯანდაცვის სექტორის სრულფასოვან და დამოუკიდებელ საქმიანობას და ამ განცხადების შემდეგ ხელის მოწერა, გაუგებარია. შეიძლება არაფერს შეცვლიდა მისი ხელმოწერა და ერთ თვით ადრე შევიდოდა კანონი ძალაში თუ სამი თვის შემდეგ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ თუ მას სურდა მედიატორის როლი შეესრულებინა, დარგის წარმომადგენლებს უნდა შეგვხვედროდა და მისი ეს განცხადება რას გულისხმობდა, ვერ მივხვდი“, - აცხადებს გიორგი აბაშიძე.

აბაშიძის განმარტებით, კანონპროექტის პირველადი ვერსია მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, ვინაიდან ის ერთ მაკონტროლებელს განუზომელ უფლებებს ანიჭებდა, თუმცა, როგორც აღნიშნავს, ფარმაცევტული ასოციაციის ძალისხმევითა და ასევე პარლამენტის მხარდაჭერით ეს ვერსია გაუმჯობესდა.

„კანონპროექტის პირველად ვერსიაში პირდაპირ იყო მითითებული, რომ დღე-ღამის ნებისმიერ დროს გაუფრთხილებლად, არავითარი სასამართლოს ნებართვის გარეშე, მაკონტროლებელს შეეძლო შესულიყო საწარმოში, შეემოწმებინა და დოკუმენტები დაელუქა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამის განხორციელებისთვის არანაირი ლეგიტიმური მიზანი არ სჭირდებოდა, ეს კი ჩვენთვის მიუღებელი იყო.

ჯანდაცვის კომიტეტის მხარში დგომით მივაღწიეთ იმას, რომ სასამართლო ფილტრი, მართალია პოსტ ფაქტუმ, მაგრამ მაინც შენარჩუნებულია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ პირველად ვერსიაში მას [ჯანდაცვის სამინისტროს] საწარმოში შემოსასვლელად საფუძველია არ სჭირდებოდა, ახლა ამისთვის ოთხი საფუძველი სჭირდება. აღსანიშნავია, რომ მიღებული კანონი მხოლოდ საბითუმო და ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელ სექტორზე მოქმედებს და სფეროს სხვა წარმომადგენლებს ასეთი ცვლილებები არ ეხება“, - აღნიშნავს აბაშიძე.

ფარმაცევტული ასოციაციის ადვოკატის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს კანონის მიღებამდეც ფარმაცევტული სექტორის მიმართ არაერთი ბერკეტი გააჩნდა და ამის უარყოფა, არ შეიძლება.

„კანონში ცვლილების შესვლამდეც ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა უფლება, ნებისმიერი მის კონტროლ ქვეშ არსებული საწარმო შეემოწმებინა, თუ არსებობს ეჭვი იმის, რომ საფრთხე ექმნება სახელმწიფო ინტერესებს, ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მტკიცებულების განადგურებას - ეს მოქმედებდა და დღესაც მოქმედებს. ნებისმიერ დროს შეუძლია შევიდეს, შეამოწმოს და მერე უკვე მიმართოს სასამართლოს პარალელურ რეჟიმში. ჩვენი არგუმენტი ეს იყო, დღეს გაქვს ეს უფლება და რატომ არ იყენებ? ფაქტობრივად დუბლირება მოვახდინეთ არსებული ჩანაწერის სამეწარმეო კონტროლში.

რაც შეეხება უკვე მიღებულ კანონს, აბაშიძის შეფასებით ის ფაქტობრივად ერთი ადამიანის კეთილსინდისიერებაზე არის დამოკიდებული, რაც არასწორია. „არ მიმაჩნია, რომ სწორია ასეთი მიდგომა და კანონში ასეთი ჩანაწერი“, - ამბობს ფარმაცევტული ასოციაციის ადვოკატი.

ცნობისთვის: ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა აქვს, ასევე საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვისა და ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები