მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრეზიდენტს შეეძლო ვეტო დაედო" - გოგილიძე საავტორო უფლებების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე

64c65b1dccfbf
ლიკა მეგუთნიშვილი
30.07.23 17:35
310
საქართველოს პარლამენტმა, რიგგარეშე სესიაზე, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ცვლილებების შედეგად ჩნდება რისკი და ალბათობა, რომ ამ სივრცეში ექსკლუზიური ადგილი ისეთმა ორგანიზაციამ დაიმკვიდროს, რომელიც უშუალოდ რუსეთის სათავო კომპანიას დაექვემდებარება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა. თუმცა, ამის მიუხედავად ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, ვეტოს უფლება არ გამოეყენებინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონში ცვლილებების მიღებით ჩვენი კანონმდებლობა ევროსტანდარტებს დაუახლოვდება, რადგან ის, გარკვეულწილად, ავტორების უფლებების დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება.

პრეზიდენტის ამ განცხადებას BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკა“-ში ინტელექტუალური საკუთრების საკითხებში ადვოკატი ნიკოლოზ გოგილიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, მართალია კანონში შეტანილ ცვლილებებში ძირითადად დადებითი საკითხები არის ასახული, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რაც ბუნდოვანია. პრეზიდენტს კი, ამ ბუნდოვანების აღმოსაფხვრელად პარლამენტისთვის გარკვეული შენიშვნებით უნდა მიემართა.

„არის ორი-სამი საკითხი, რაც ეხება კონკრეტულად კოლექტიური მართვის ორგანიზაციისთვის აკრედიტაციის მიცემას. ეს იწვევს ძალიან დიდ ბუნდოვანებას და სასურველი იქნებოდა, აღნიშნულ საკითხზე ვეტოსთან ერთად მოტივირებული შენიშვნებით მიემართა პრეზიდენტს პარლამენტისთვის და აეხსნა, თუ რაში მდგომარეობდა მისი შეშფოთება. დასაბუთებულად უნდა მოეთხოვა იმ კონკრეტული ადგილების გასწორება, რომელიც შეიძლება იყოს მისი და ასევე სხვების შეშფოთების საგანი“, - აცხადებს გოგილიძე.

როგორც ნიკოლოზ გოგილიძე აღნიშნავს, ამ ცვლილებებში ყველაზე პრობლემური ორი ძირითადი საკითხია, რაც აკრედიტაციის პროცედურას ეხება.

„პირველი და ყველაზე ბუნდოვანი რაც არის, არის ის, რომ ამ და ასევე წინა კანონით კოლექტიური მართვის ორგანიზაცია ვალდებულია, ასეთი ხელშეკრულებები [ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები] გაფორმებული ჰქონდეს უამრავი ქვეყნის ანალოგიური სახის ორგანიზაციასთან. აღნიშნული კანონის თანახმად, შესაძლებელია აკრედიტაცია ამ ხელშეკრულების წარმოდგენის გარეშე გაიცეს და განსაზღვრულია მაგალითად მაქსიმუმ ცხრათვიანი ვადა, ასეთი ხელშეკრულებების წარმოდგენისთვის. ეს არის ძალიან ბუნდოვანი ჩანაწერი, რადგან ამ ცხრა თვის განმავლობაში მოსარგებლისთვის გაუგებარი იქნება, თუ მას არ ექნება ეს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები, რატომ და რა ფორმით უნდა გადაუხადოს ამ ორგანიზაციას იმ რეპერტუარისთვის, რომელიც არის უცხოური და რომელსაც ასეთი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში ვერ წარმოადგენს ეს ორგანიზაცია.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა ისმის - თუ ცხრა თვეში ვერ წარმოადგინა ეს ხელშეკრულებები, რა ემართება იმ ფულს, რომელსაც ესა თუ ის მოსარგებლე გადაიხდის. თუ არ არსებობს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულება, აღნიშნული ფული ვერ გადანაწილდება უცხოელ ავტორებთან.

კიდევ ერთი აბსოლუტურად გაუგებარი მუხლია, როდესაც კანონი გვეუბნება, რომ გარდა იმისა, რომ იმ ქვეყნების ორგანიზაციებთან უნდა გქონდეს ხელშეკრულებები დადებული, რომელთა ნაწარმოებები ყველაზე ხშირად იკვრება საქართველოში. ასევე, კანონის თანახმად, უნდა წარმოადგინო ხელშეკრულებები ისეთი ქვეყნის ორგანიზაციებთან, რომელთა რეპერტუარში შემავალი ქართული სიმღერებიც ყველაზე ხშირად იკვრება. აბსოლუტურად გაუმართავი და გაუგებარი ჩანაწერია, რადგან ქართველი ავტორების რეპერტუარი ქართულ ორგანიზაციაში არსებობს და არა უცხოურ ორგანიზაციაში, სადაც შეიძლება იკვრებოდეს ქართული ნაწარმოებები. სწორედ ამ ბუნდოვანებამ შეიძლება შექმნას ნებისმიერი საფრთხე, მათ შორის ის, რაც გააჟღერა პრეზიდენტმა“, - აცხადებს ადვოკატი.

ნიკოლოზ გოგილიძის თქმით, როდესაც ღიაა კოლექტიური მართვის აკრედიტაციის სტატუსი, თეორიულად ეს აკრედიტაცია შეიძლება მიიღოს როგორ რუსული გავლენის ორგანიზაციამ, ისე სხვა ნებისმიერმა. ამიტომ, სანამ ეს ღია კარია არ დაიკეტება და ავტორიზაცია არ გაიცემა, არაერთი რისკი არსებობს.

მისივე განმარტებით, ამ რისკების უგულებელყოფა კი პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებით შეეძლო.

„ამ ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელი იქნებოდა პრეზიდენტის ვეტოს სახითაც. ვეტო არ ნიშნავს, რომ კანონია ცუდი და რომ ეს კანონი არ უნდა მიიღო. ვეტო შეიძლება გამოყენებული იქნეს იმისთვისაც, რომ კონკრეტული შენიშვნების საფუძველზე პარლამენტს კონკრეტული ადგილების გასწორება სთხოვო. სასურველი იქნებოდა ამ ადგილების გასწორება, თუმცა კატასტროფა არც ესაა“, - განაცხადა ადვოკატმა ინტელექტუალურ საკითხებში.

ადვოკატი ამ რისკების გადაზღვევის გზად, აკრედიტაციის მიღების მსურველი ორგანიზაციის მიერ ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების დე ფაქტოდ წარმოდგენას მოიაზრებს.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონი ავტორიზაციის გაცემას ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების გარეშეც ითვალისწინებს, ორგანიზაცია რომელიც მიმართავს აკრედიტაციაზე დე ფაქტოდ რომ წარადგინოს ეს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები, ეს იქნება გადაზღვევის იდეალური მექანიზმი. კანონი არ კრძალავს, რომ განცხადების შეტანის მომენტისთვის ორგანიზაციამ ეს ხელშეკრულებები წარადგინოს“, - განმარტავს გოგილიძე.

რაც შეეხება კითხვას, გააძლიერებს თუ არა კანონში შეტანილი ცვლილებები საქართველოში რუსულ გავლენებს, ნიკოლოზ გოგილიძე ასე პასუხობს:

„ეს არის პირდაპირ ქართველი ავტორების ხელში. თუ ქართველი ავტორები თანამშრომლობას ისეთ ორგანიზაციებთან დაიწყებენ, რომლებსაც რუსული ფესვები აქვთ, ეს პირდაპირ მათი პასუხისმგებლობა იქნება. აქ იმის რისკი, რომ სახელმწიფოს გვერდის ავლით რუსული გავლენები შემოვა, არ არსებობს. რისკი არის იმის, რომ თუკი რომელიმე რუსული ორგანიზაცია გადაწყვეტს საქართველოს ბაზარზე არსებობას, მან უნდა დაარწმუნოს ქართველი ავტორები რომ მასთან ურთიერთობა კარგია. თუ ქართველი ავტორები რუსული გავლენის მქონე ორგანიზაციაში გაწევრიანდებიან, მაშინ ეს მათი გადაწყვეტილება იქნება. თუმცა, მე არ მჯერა, რომ ქართველი ავტორების უმრავლესობა ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა ადვოკატმა, ნიკოლოზ გოგილიძემ.

ცნობისთვის: კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციაზეა (GERA) მორგებული. ამჟამად მოქმედი კანონით , GERA-ს არ აქვს საქართველოში ჰონორარის შეგროვების უფლება და ქართველი ავტორ-შემსრულებლებისთვის თანხა რუსეთიდან მოაქვს, რადგან ხელშეკრულება რუსულ საავტორო საზოგადოებასთან (RAO) აქვს. სწორედ ეს ფაქტორი აძლიერებს კულტურის სფეროზე რუსეთის გავლენის გაზრდის შიშს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები