„ხალხის ძალა“-ს დეპუტატმა სოზარ სუბარი-მ რეგიონული განვითარებისა მინისტრს, კახა გულედანს, პარლამენტში მიმართა და განაცხადა, რომ კორუფციასთან გაძლიერებულმა ბრძოლამ მუნიციპალიტეტებში გადაწყვეტილების მიღების პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა.
სუბარის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა, რომელიც, მისი შეფასებით, „ჯერ მხოლოდ ზედა ფენებს შეეხო“, აუცილებელი და მისასალმებელია, თუმცა პრობლემა იმაშია, რომ კორუფციული პრაქტიკა „ძალიან ღრმად იყო გამჯდარი პრაქტიკულად ყველა რგოლში, მათ შორის რეგიონებში“.
"კორუფციასთან გაძლიერებულ ბრძოლას, რომელიც ჯერ მხოლოდ ზედა ფენებს შეეხო, მაგრამ ვიყოთ გულწრფელები, ძალიან ღრმად იყო გამჯდარი პრაქტიკულად ყველა რგოლში, მათ შორის რეგიონებში. კორუფციასთან გაძლიერებული ბრძოლა კარგია, მივესალმები, მაგრამ ამას მოჰყვა ის, რომ პრაქტიკულად ყველა პროექტი, ნებისმიერი უმცირესი რაღაც ღობის გაკეთება უნდა ვიღაცას, მერი რომლის კომპეტენციაშიც ეს შედის, ვერ იღებს გადაწყვეტილებას. უამრავი დონეზე სჭირდება ნებართვა, ზოგი ფორმალური, ზოგი არაფორმალური. ეს თუ არ გაჩერდა, პროექტების შესრულება კი არა, ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანი იქნება, ძალიან ბევრ ადამიანს პრობლემა ექნება, ბევრი პროექტი დაგვრჩება შესასრულებელი და მინდა თქვენი ხედვა, როგორც მოვუაროთ ამ საკითხს ისე, რომ არც კორუფცია გაიქცეს და გადაწყვეტილებებიც იყოს მიღებული დროზე " - სოზარ სუბარი, "ხალხის ძალის" დეპუტატი რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანს მიმართავს
მინისტრმა საპასუხოდ განაცხადა, რომ კორუფციასთან დაკავშირებით „კომპრომისი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვერ იქნება“. მისი თქმით, რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში მუნიციპალიტეტების „პარტნიორია და არა ზედამხედველი“, რაც პასუხისმგებლობის გაზიარებასაც გულისხმობს.
" კომპრომისი კორუფციასთან დაკავშირებით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვერ იქნება. როცა კითხვებზე ვპასუხობდი ვთქვი, რომ რეგიონული განვითარების სამინისტრო გახლავთ პარტნიორი და არა ზედამხედველი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში. ეს პარტნიორობა გამოიხატება პასუხისმგებლობის აღებაშიც", - მისი თქმის სამინისტრომ გასულ წელს 5 000-ზე მეტი დოკუმენტი განიხილა და პასუხი დააბრუნა, შესაბამისად გაუგებარია, რა ნაწილში შეიძლება უჭირდეს მუნიციპალიტეტს პროექტის დაწყება, თუ სატენდერო დოკუმენტაცია შედარებულია. მინისტრმა დეპუტატს დამატებითი შეხვედრის შესაძლებლობა შესთავაზა.
სუბარმა სესიის ბოლოს ისარგებლა გამოსვლის უფლებით და თქვა:
"კორუფციასთან ბრძოლას მივესალმებით. არა მხოლოდ მომავალში და არამედ წარსული სამქეების გამოძიებასაც და გამოსაძიებელი ნამდვილად ბევრია, მაგრამ არ უნდა მოხდეს ისე, რომ ნაბან წყალს ბავშვი გადავაყოლოთ და არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ პრობლემები შეექმნას პროექტებს, რომლებიც მიმდინარეა და რომელიც მომავალში შეიძლება განხორციელდეს. თავიდანვე ვთქვი, რომ სამინისტრო არ დაეთანხმებოდა ჩემს ამ განცხადებას და ხმამაღლა არ იტყვის ამას, მაგრამ ამ დარბაზში, უმრავლესობის წევრი 22 დელეგატია რომელიც რეგიონებს წარმოადგენს არის უმრავლესობის წევრი და ისინი, არა საჯაროდ, მაგრამ პირად საუბრებში ადასტურებს, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც წარმოადგენენ, ეს სერიოზული პრობლემაა. ამიტომ გამოსავალი უნდა მოვძებნოთ", - განაცხადა სუბარმა და ევროპული პრაქტიკა მოიხმო მაგალითად.
სუბარის თქმით, გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ სანამ ევროპა მზის სადგურის მშენებლობაზე გადაწყვეტილებას იღებს, იქამდე, ჩინეთს უკვე სადგური სისტემაზე აქვს დაერთებული. დეპუტატმა მინისტრს შემდეგი გამოსავლის გზა შესთავაზა.
"თუ 2 კვირაში, ან მაქსიმუმ 2 თვეში გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება, გავაკეთოთ ისე, რომ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვალოს. მე გთავაზობთ, ან წავიდეთ ამ გზით, ან მეორე გზით, თუ სადმე იჭედება გადაწყვეტილება და დაუსაბუთებელია უარი პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს", - განაცხადა სუბარმა.




























