საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ვეტერანებისა და მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური დახმარებების გაზრდის ინიციატივა წამოაყენა.
სოზარ სუბარის თქმით, იმ ადამიანების დახმარება, რომლებმაც სამშობლოსთვის საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სასწორზე დადეს, 100-ლარიანი დახმარება "მართლა დამამცირებელია“.
"მინდა ბიუჯეტის ერთ მუხლზე ვილაპარაკო განსაკუთრებით - ეს არის ვეტერანების დაფინანსება. ვეტერანები არიან ადამიანები, რომლებმაც ყოველ ჯერზე, როდესაც სამშობლოს უჭირდა, როდესაც სამშობლოს სჭირდებოდა, სასწორზე დადეს თავისი ყველაზე მთავარი თავისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მომავალი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყოველ ჯერზე მზად არიან, იგივე გააკეთონ საქართველოსთვის, და მართლა დამამცირებელია, როდესაც მათი დახმარება 100 ლარია. მით უმეტეს, ეს არ არის რაღაც განსაკუთრებით დიდი თანხები.
მთლიანობაში საქართველოში არის 51 284 ვეტერანი, საიდანაც ამ 100-ლარიან დახმარებას იღებს 27 295 ადამიანი. კარგად მესმის, რომ ვეტერანებს, გარდა ამ დახმარებისა, აქვთ სხვა სოციალური პაკეტიც და სხვა სოციალური შეღავათებიც, თუმცა ეს უბრალოდ მართლა არასწორია, 100 ლარი დამამცირებელია და ამ თანხის მინიმუმ გაორმაგება აუცილებლად უნდა ჩაიდოს მომავალი წლის ბიუჯეტში. ეს მთლიანად იქნება 65 508 000 ლარი, ანუ ბიუჯეტი დაახლოებით 32 მილიონი ლარით მოიმატებს და ეს არ არის ის თანხა, რომელიც ბიუჯეტს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება.
ამასთან ერთად, მინდა გამოვეხმაურო იმ განცხადებას, რომელიც კომიტეტის განხილვაზე ჩვენმა კოლეგამ, ბატონმა ზაალ მიქელაძემ გააკეთა. ეს ეხება მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალურ გასაცემლებს. 2012 წლამდე ეს 55 ლარი იყო, 100 ლარი გახდა 2013 წელს, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ, ხოლო 2019 წელს ორივე მარჩენალდაკარგულისთვის გაიზარდა 150 ლარამდე. მაგრამ ეს მაინც ძალიან მცირეა და აქაც გაორმაგება ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ესეც დაახლოებით 20 მილიონი ლარია და მეტი არა, ესეც არ დააწვება ბიუჯეტს ძალიან მძიმე ტვირთად", - განაცხადა სუბარმა.
























