NASA-ს ორი ასტრონავტი, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 5 ივნისს გაემგზავრნენ და Boeing-ის წუნდებული Starliner საფრენი აპარატის დაზიანების გამო კოსმოსში დარჩნენ, დედამიწაზე SpaceX-ის ხომალდით 2025 წლის დასაწყისში დაბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას NASA-ს ოფიციალური პირები ავრცელებენ და აცხადებენ, რომ Starliner-ის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც ასტრონავტთა სახლში დაბრუნება დაგეგმილი გზით ვერ ხერხდება.
NASA-ს ვეტერანი ასტრონავტები, ბაჩ უილმორი და სანი უილიამსი პირველები აღმოჩნდნენ, რომლებმაც კოსმოსური ექსპედიციისთვის Boeing Starliner გამოიყენეს. 5 ივნისს დაწყებული სატესტო კოსმოსური მოგზაურობა მხოლოდ 8 დღეს უნდა გაგრძელებულიყო.
ფრენის პირველ 24 საათში Starliner-ს არაერთი პრობლემა შეექმნა, რის გამოც ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დარჩნენ, Boeing-მა კი საფრენი აპარატის გარშემო გამოძიება დაიწყო.
NASA-ს ინფორმაციით, ასტრონავტები კოსმოსში თავს კარგად გრძნობენ და მზად არიან, უფრო დიდი ხნითაც დარჩნენ. მათი თქმით, სადგურზე ამჟამად კიდევ 7 ასტრონავტი იმყოფება, რომლებთან ერთადაც უილმორი და უილიამსი სხვადასხვა ტიპის ცდებსა და კვლევებს ჩაატარებენ.
SpaceX-ის ოთხადგილიანი ხომალდი Crew Dragon კოსმოსში მომდევნო თვეს გაეშვება და დარჩენილ ასტრონავტებს დედამიწაზე, სავარაუდოდ, 2025 წლის თებერვალში დააბრუნებს.